გომის ქ. N1

 

1990-იან წწ-ში დანგრეული საცხოვრებელი სახლი გომის ქ. N1, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაკლისია ბეთლემის უბნისთვის. ტრაპეციასთან მიახლოებული პლასტიური ფორმის მიწის ნაკვეთი ოთხი გზის შესაყართან, დამრეც რელიფზე მდებარებს. აქ ადრე მდგომი ნაგებობა თვალსაჩინო ნიმუში იყო არქიტექტურული მოცულობის კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე და რთულ რელიეფზე შემოქმედებითი მორგებისა. სახლი ისე იყო დაპროექტებული, რომ ბეთლემისა და გომის ქუჩების გადაკვეთის ისტორიულად ჩამოყალიბებული მრუდის ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა გომის ქუჩისა და ასკანის II შესახვევის პერსპექტივის და ბეთლემის უბნის ამ მონაკვეთის პლასტიკისა და დინამიკის შექმნაში. მისი სივრცულ-გეგმარებითი კომპოზიციის ღერძს მძლავრი გალავნის ორი მკლავის შეხვედრის ადგილას აღმართული ფართო თაღოვანი კარიბჭე წარმოადგენდა. ეზოსა და ჩრდილოეთის ფასადები აივნების სისტემით იყო გაფორმებული, რომელიც ეზოს მხარეს ადრე სდა არქიტრავული კომპოზიციისა იყო, ხოლო მოგვიანებით ჭვირული ორნამენტული დეკორით შეიცვალა. გომის ქუჩაზე გამავალი, უბნისთვის დამახასიათებელი სადა უკანა ფასადი, ერთგვარ კომპოზიცურ ღერძს წარმოადგენდა გომის ქ. 5/12–ის არასიმეტრიული მოცულობითვის, რომლის ბრტყელი, ჩაკვეთილი ფასადის მხარე სწორედ გომის 1-ის უკანა ფასადის ხაზს ემთხვეოდა (იხ. ფოტო). ეს ნაგებობა ბეთლემის უბნის ერთ-ერთი მცირე ანსამბლის – A შენობათა ჯგუფის ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა.

ამ მონაკვეთის სივრცულ-გეგმარებითი კომპოზიციის აღდგენა ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის ერთ-ერთ ურთულეს ამოცანას წარმოადგენს. დაუშვებელია შეცდომის დაშვება. ამიტომ კონსერვაციის გეგმა რეკომენდაციას უწევს 1990-იან წწ.-ში დანგრეული გომის ქ. N1 საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციას.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ნაგებობის არქეოლოგიური ანაზომი, კვლევის შედეგად მოძიებულია გეგმემების სქემატური ანაზომები, საარქივო ფოტო და გრაფიკული მასალა,(იხ. კონკრეტული ნაგებობის საინფორმაციო ბანკი) რაც საშუალებას იძლევა შესაბამისი ანალიტიკური სამუშაოს და დამატებითი კვლევის ჩატარების შემდეგ დამუშავდეს რეკონსტრუქციის პროექტი. იგი მიზნად უნდა ისახავდეს ნაგებობის სივრცულ-გეგმარებით აღდგენას, გაბარიტებისა და კონფიგურაციის სრული დაცვით; ფასადების მხატვრული გადაწყვეტის აღდგენას; აუცილებელია განხორციელებისას გამოყენებული იქნას ტრადიციული სამშენებლო მასალა და მაქსიმალურად დაცული იქნას ტრადიციული მშენებლობის მეთოდი.

 

ანაზომი

ფოტო დოკუმენტაცია