)დასაცავი ფასეულობანი და კონსერვაციული მიდგომა

 

სივრცულ-გეგმარებითი სტრუქტურა

სახლს აქვს მარტივი ანფილადური გეგმა ერთ ღერძზე დალაგებული სამი ოთახით, რომელსაც ეზოს სიღრმეში მართი კუთხით მიმართული მოკლე დამხმარე ფლიგელი ასრულებს.

ოთახები ერთმანეთს ერთ ღერძზე გაჭრილი კარებით უკავშირდება.

ქვედა სართულში, ეზოსკენ შენობის შიდა პერიმეტრს შემოსდევს აივანი. II სართულზე ეზოს აივანს ებმის ჩიხისკენ მთელი ფასადის გასწვრივ და ასკანის ქუჩისკენ - ფასადის ნაწილის გაყოლებით მოწყობილი შეკიდული აივანი. ფაქტიურად შენობა ყოველი მხრიდან გახსნილია სივრცეში აივნების მეშვეობით გარდა მეოთხე, ყრუ მხარისა.

ოთახებს გასასვლელები აქვს ორივე მხარეს არსებული აივნებისკენ. მიწის ნაკვეთის ფორმიდან გამომდინარე, ქუჩების მახვილ კუთხესთან არსებული კიდურა ოთახების გეგმა ყოველ სართულზე ტრაპეციისმაგვარია.

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ შენობას გარე კუთხე ქუჩების შესაყართან მთელ სიმაღლეზე ჩამოთლილი აქვს, რაც არბილებს მახვილი კუთხის სიხისტეს. ამ ფორმას პასუხობს შეკიდული აივანიც და პლასტიურ ტეხილს ქმნის.

 

სარდაფი

არაერთგვაროვანი რელიეფის გამო ასკანის ჩიხის მხრიდან შენობას სარკმლებიანი ნახევარსარდაფი აქვს, ხოლო ასკანის აღმართიანი ქუჩისკენ იგი თანდათან იძირება მიწაში. აღსანიშნავია სარდაფის სათავსის ბრტყელთაღიანი კამარა, ღრმა ნიშები და აგურის წყობის მაღალი ოსტატობა.

 

ღიობები

კარის ღიობები სწორკუთხა ფორმისაა.

ყოველ ოთახს აქვს რამდენიმე სასინათლო ღიობი, ან ერთი მაინც. ფანჯრების მოყვანილობაც სწორკუთხაა.

 

სამშენებლო მასალა

შენობის კედლები კვადრატული აგურით არის ნაშენი. სარდაფის სხვენის სართული ჩანს საშრობად იყო გამოყენებული; აქ, ეზოს მხარეს ამოყვანილ აგურის კედელში სწორკუთხა ღიობებია დატოვებული; ასკანის ქუჩისკენ მიმართული გადახურვის ქანობი დამრეცია და ხის ნივნივებზე დაფენილი თუნუქითაა დაბურული; ასკანის ქუჩისკენ აქვს სამერცხლული.

აივნები ხისაა.

 

ფასადი

შენობის კედლები გარედან შელესილია.

ზედა სართულში ეზოსკენ გამავალი ფანჯრების ნალესობაში გამოყვანილ საპირეს რკალისებური დასრულება აქვს. ფასადისკენ გამავალი ფანჯრების ზემოთ ტიმპანები იქმნება პროფილირებული ჰორიზონტალური სარტყლით გაერთიანებული ნახევარწრიული თავსართებით.

შეკიდულ აივანს ქვემოთ ოდნავ გამსხვილებული მრგვალი სვეტები აქვს. ფიცრის კაპიტელი და ბაზისი სწორკუთხაა. კაპიტელთან ახლოს სვეტის ყელს სარტყელი ამკობს. მოაჯირი რიკულებითაა გაფორმებული.

აივნის ძირი ქვემოდან აფიცრულია და შენობის ჩამოთლილ კუთხესთან ერთ კონსოლს ეყრდნობა.

მცირე ტერიტორიის რაციონალურად გამოყენების მიზნით ეზოდან ამავალი კიბის მხარი ალმაცერადაა მიმართული ზემოთ და მახვილი კუთხით იჭრება ჩიხის სივრცეში. ეს დინამიურობას მატებს ნაგებობის სივრცულ-გეგმარებით კომპოზიციას. კიბე ხისაა, თუნუქით დახურული, ქუჩისკენ აფიცრული.

 

ინტერიერი

სახლის სარდაფში ღრმა, სწორკუთხა ნიშებია. საცხოვრებელ ოთახებში ფანჯრებს ქვეშ მოწყობილი თახჩებია; არის განჯინებიც; კედლის კარადა აივანზეცაა.

ოთახებში ნალესობით გამოყვანილი პროფილირებული (ლილვი, რკალი, ლილვი) კარნიზებია.

ღირსშესანიშნავია შენობის ორივე სართულის ოთახსებში შემორჩენილი ავთენტური ხის კარები სხვადასხვაგვარი ფიგურული გულებით დამუშავებული.

 

ეზო

შენობის შიდა მოკლე მხარი ვიწრო ეზოს იქცევს შიგნით. ასკანის ჩიხისკენ, ანუ მთავარი ფასადისკენ ეზოს აგურის კედელი და მასში ჩართული ხის ორფრთიანი, ვარდულებით გაფორმებული ჭიშკარი ზღუდავდა. ძველი ფოტოების მიხედვით ირკვევა, რომ კარის თავზე ორქანობა, დაბალი კედელი იყო ამოყვანილი, რომლის შუაში ნალესობით შესრულებული რელიეფური გამოსახულება იყო მოთავსებული.

ეზოს შესასვლელის გაფორმება XIX ს-ის I ნახევარში გავრცელებული გადაწყვეტის ერთერთ საინტერესო ნიმუშს წარმოადგენდა. მას შესრულების მაღალი ოსტატობა და თემის დამუშავების ინდივიდუალობაც ახასიათებდა. ძეგლმა გამონაკლისის სახით გვიანობამდე მოაღწია, თუმცა დღეისათვის მხოლოდ ფრაგმენტი - ხის ჭიშკრის ერთი ფრთაღა შემორჩა.

 

სამშენებლო ფენები

შენობა ერთდროულადაა აშენებული, თუმცა დროთა მსვლელობაში გარკვეული ცვლილებები განუცდია.

შეკიდული აივანი შემდგომშია შემინული. გვიანდელია აგრეთვე ასკანის ქუჩისკენ გაჭრილი ფანჯრის ღიობებიც, რაზეც მათი განსხვავებული ზომები და დიზაინიც მიუთითებს. მოგვიანებით არის შემინული ეზოს მხარეს არსებული აივანიც.

შეკიდული აივანი ასკანის ქუჩის მხარეს შემდგომშია დაგრძელებული.

 

მნიშვნელობა

ასკანის ჩიხი N4 საცხოვრებელი სახლი ინდივიდუალური სივრცულ-გეგმარებითი გადაწყვეტის მქონე გამორჩეული შენობაა. იგი XIXს-ის თბილისური საცხოვრებლის ჩამოყალიბების შედარებით ადრეულ ეტაპს ასახავს. საინტერესოა სარდაფის სართული, ზედა სართულზე ფასადების გახსნა შეკიდული აივნებით, ინტერიერის გაფორმება განჯინებითა და თახჩებით. ოსტატობით გამოიჩევა დეკორატიული ელემენტების შესრულება - აივნის ხის სვეტები და რიკულები, ოთახების კარები და ეზოს ჭიშკრის ფრთა, ნალესობაში გამოყვანილი ღიობების საპირეები და კარნიზები. შენობას საკვანძო ადგილი უკავია ქუჩების განშტოებასთან, იგი ორგანულადაა შერწყმული რელიეფთან და ასევე არქიტექტურულ გარემოსთან.

 

ავთენტურობა

საცხოვრებელი სახლის ძირითადი მოცულობა და სილუეტი თავდაპირველია. ცვლილებები, რომელიც მან დროთა განმავლობაში განიცადა - Aშეკიდული აივნის დაგრძელება, ამ და ეზოს მხარეს არსებული აივნების შემინვა და შუშაბანდების გაჩენა, ასევე განსხვავებული ზომისა და ფორმის ფანჯრების გაჭრა ასკანის ქუჩის მხარეს ფასადზე - ექვემდებარება გამოსწორებას. ნაგებობას შერჩენილი აქვს დღესდღეობით ალბათ ერთ-ერთი უიშვიათესი ნიმუში ხის ჭიშკრისა, ერთი ფრთა, რომელიც ძეგლის აღდგენამდე, უკეთ დაცვის მიზნით გადატანილია ძეგლთა დაცვის დეპარტამენტში. ნაგებობაზე არსებობს მნიშვნელოვანი საარქივო ფოტო მასალა.

 

ჩარევის მეთოდოლოგია

ძეგლის გამორჩეული ღირებულებიდან გამომდინარე იგი უნდა დაიშალოს და აღდგეს გრაფიკული რესტავრაცის პროექტის საფუძველზე. თვით ნაგებობის დაშლის პროცესი უნდა განხორციელდეს კონსერვაციის პრინციპების შესაბამისად: ყველა ავთენტური დეტალის (როგორიცაა: აივნის ხის დეტალები, ინტერიერში შერჩენილი კარები და ა.შ.) გადარჩენა - აღნუსხვით შემდგომი გამოყენებისათვის. აღდგენისას მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ვარგისიანი ძველი სამშენებლო მასალა. აღსადგენია არა მხოლოდ ძეგლის სივცით-გეგმარებითი გადაწყვეტა, არამედ მშენებლობის ტექნოლოგიაც - სამშენებლო მასალა, დუღაბი, კედლების წყობის პრინციპი და სისქე, სართულშუა გადხურვები და ა.შ.

სასურველია დაუშლელად, მკურნალობის საშუალებით შენარჩუნებულ იქნას ძეგლის უნიკალური სარდაფი, თუკი მისი ფიზიკური მდომარეობა დაშლის პროცესში ამისთვის ვარგისიანი იქნება. ძეგლის შენარჩუნებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისითაც, რომ ბეთლემის უბნის იმ მონაკვეთში, რომელსაც საზღვრავს აკანის ქუჩა, ასკანის I ჩიხი და ასკანი II ჩიხი, დაკარგულია 3 ისტორიული მოცულობა და მათ ადგილს მომავალში თანამედროვე ნაგებობები დაიკავებენ. ამიტომ გარემოში ბალანსის დასაცავად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ არეალში ერთადერთი ისტორიული ნაგებობის შენარჩუნებას.