დასაცავი ფასეულობანი და კონსერვაციული მიდგომა

 

სივრცულ-გეგმარებითი სტრუქტურა

შენობები განლაგებულია სხვადასხვა დონეზე, შერეული სამშენებლო ფენების ერთობლიობა რთულ სივრცულ-გეგმარებით კომპოზიციას იძლევა, სადაც ქვედა დონეზე, მიწის საფარს ქვეშ განთავსებულია უძველესი ნაწილი, XVIII ს-ის სარდაფი. ეზოს ქვედა ნაწილის დონეზეა შესასვლელი ათეშგაზე მიდგმული სახლის ქვედა სართულის შეულესავი აგურის ოთახში, და დიდი სახლის სარდაფის მცირე სათავსში.

შემდეგ დონეზე განთავსებულია პატარა სახლის II სართული და დიდის - I სართული; ეზოსა და შენობების რთული ვერტიკალური გეგმარების ზედა დონეზეა დიდი სახლის II სართული.

ორი ოთახისგან შემდგარი პატარა სახლის საცხოვრებელ სართულს ანფილადური გეგმარება აქვს. საინტერესოა ეზოს სიღრმეში განთავსებული ოთახი, რომელიც ადრე აქ არსებული დარბაზული საცხოვრებლის ნანგრევს წარმოადგენს.

დიდი სახლის I სართული გეგმით მარტივი ანფილადის, ხოლო II სართული ორმაგი ანფილადის ტიპს განეკუთვნება.

 

სარადაფი

ეზოში, მიწის საფარს ქვეშ დაცულია სამცენტრიანთაღოვანი კამარით დასრულებული XVIII ს-ის ნაგებობა. იგი წარმოადგენს შეულესავი ძველი აგურით ნაშენ კვადრატულ სათავსს ღრმა, ნახევარწრიული ნიშებით. მას აქვს შიგნით გაგანიერებულ წირთხლებიანი ვიწრო სარკმელი, რომელიც ტერასის საყრდენ კედელშია გაჭრილი და ჩრდილოეთით იმზირება.

 

ფასადი და ინტერიერი

პატარა სახლის ზედა სართულის ოთახს ათეშგისკენ კედელში ძირგადაჭრილ წრიულ ღიობში ჩასმული მოდერნის სტილის სარკმელი აქვს.

სრულიად განსხვავებულია ეზოს სიღრმეში მდებარე, დაზიანებული ოთახის დამუშავება; საინტერესოა მისი კვადრატული აგურით მოგებული იატაკი, ორი დედაბოძი, ორღიობიანი და ასიმეტრიულღიობიანი კედლის ნიშები საფეხუროვანი წყობით.

რაც შეეხება დიდ სახლს, მის ოთახებში ნალესობით გამოყვანილია პროფილირებული კარნიზები, არის კედლის ღუმელი. შუშაბანდად გადაკეთებულ აივანს კუთხეჩამოთლილი სვეტები, მართკუთხა სიბრტყეებამოკვეთილი ხის დაფის ყრუ მოაჯირები და დეკორატიული, აჟურული კრონშტეინები აქვს სვეტების თავში ორსავე მხარეს

 

ეზო

ეზო გახსნილია, ტერასის მკვეთრი ვარდნა ბუნებრივად გამოყოფს მის კუთვნილ ტერიტორიას, თუმცა ხის დაბალი მესერიც გასდევს ტერასის კიდეს. საარქივო ფოტოებზე კარგად იკითხება გარკვეული ინტერვალით ერთმანეთისგან დაშორებულ ნაშენ ბოძებს შორის ჩასმული მესერიანი ზღუდე ტერასის კიდესთან, გომის ქუჩა N4-ისა და ბეთლემის აღმართი N16ა-ს მსგავსად.

 

10. მნიშვნელობა

საპროექტო უბნის ზედა ტერასა, რომელზეც განთავსებულია ასკანის ჩიხი N3 და N3ა სახლი, საპროექტო უბანში სხვადასხვა პერიოდისა და ტიპის ნაგებობათა სიმრავლით მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან ტერიტორიას წარმოადგენს თბილისის ქალაქგეგმარების ისტორიის შესწავლისათვის. ამას ემატება ათეშგასთან მჭიდრო სიახლოვე.

ბოლო ხანებამდე ეს ტერიტორია კარგად აჩვენებდა თბილისური მემკვიდრეობითობის ტრადიციას, როცა მომდევნო პერიოდის მშენებლობა საკმაოდ ფრთხილად ეკიდებოდა ტერიტორიაზე შემორჩენილ სიძველეებს, იყენებდა მას და რთავდა ახალ სტრუქტურაში.

 

ავთენტურობა

ათეშგას მიბჯენილი მცირე ზომის ნაგებობა ნახევრად განადგურებულია, დაშლილია 1999 წ.-ს აზომვისას დაფიქსირებული დედაბოძიანი ხის გადახურვის კონსტრუქციაც. ავთენტურია სარდაფი.

ეზოს სიღრმეში მდგარი ნაგებობა ფიზიკურად ავთეტურია, თუმცა ხელყოფილია მისი მხატვრული სახე, აღმოსავლეთის მხარეს მიშენებით და ერთ ნაწილში უსახური დაშენებით.

უკანასკნელ წლებში უხეშად იქნა ხელყოფილილი ხის შუშაბანდის დიზაინი შეიმოსა რა თურქული წარმოების ძელაკებით. საბედნიეროდ არსებობს ავთენტური ფასადის ანაზომი.

 

ჩარევის მეთოდოლოგია

ათეშგას მიბჯენილი ნაგებობის შემორჩენილი ნაწილი სასწრაფოდ გადასარჩენია. რაც შეეხება ნაგებობას მთლიანად, მასზე უნდა დამუშავდეს საპროექტო წინადადება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: ფუძის სიძველე, მდებარეობა ათეშგასთან მიმართებით, შერჩენილი ნაწილის დაცვა და ჩართვა ახალ მოცულობაში. პროექტის დამუშავებისას გამოყენებული უნდა იქნას ანაზომში დაცული ინფორმაცია, ისტორიული ფოტო მასალა, “შევსების” დიზაინის სახელმძღვანელო პრინციპები.

სიღრმეში მდგარ დიდ ნაგებობას სასურველია მოეხსნას მინაშენი და დაშენება, ან მოწესრიგდეს დაშენების დიზაინი ისტორიული გარემოს მახასიათებლების გათვალისწინებით.

შენარჩუნებული უნდა იქნას და მკურნალობა ჩაუტარდეს ეზოში მდებარე სარდაფს.

ისტორიულ ფოტოებზე დაყრდნობით მოსაწესრიგებელია ეზოს ტერასის შემომზღუდავი ღობე და ასასვლელი კიბე.