შენობა N 30

 

1. მისამართი - გომის N3

2. სტატუსი:

) ოფიციალური - ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი

) რეკომენდებული

3. მნიშვნელობა -

4. ფუნქცია - საკულტო

5. ტიპოლოგია -

6. სართულიანობა -

7. ზოგადი თარიღი - ს.

8. შენობის რელიეფზე განთავსება და ორიენტაცია

9. ფიზიკური მდგომარეობა -

 

 

ათეშგა

 

თბილისის რთული წარსულის მნიშვნელოვანი ძეგლია ათეშგა, რომელიც განაშენიანების ზედა ზოლში ბუნებრივ კლდოვან შემაღლებაზე დგას. ყურადღებას იპყრობს ნაგებობის განსხვავებული სილუეტი, აგურის კედლის ყრუ სიბრტყეების ჩამუქებული ფერი და ფორმების სისადავე.

კუბური მოცულობის აგურის შენობა (გეგმით ზუსტი კვადრატი) დგას გომის ქუჩის ბოლოს, მცირე მოედნის პირას. სუბსტრუქცია, რომელსაც მცირე ენტაზისი უკეთდება, ბუნებრივ კლდოვან საფუძველს ერწყმის. მის დასრულებას და კედლის დაწყებას მიჯნავს კლდის ქვის ფილების ერთი რიგი. შენობას შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს, კარის თაღოვანი ღიობი მის ზემოთ ლუნეტით, შუა, მაღალ კედლის თაღშია ჩასმული; ამავე ფასადზე სიმეტრიულად, კარის აქეთ-იქით ვიწრო და მაღალი ნახევარწრიული ნიშებია კონქისებური დასრულებით. სამხრეთის მხრიდან სახლის მიშენების გამო ამ ფასადზე საუბარი არ შეგვიძლია. ჩრდილოეთისა და დასავლეთის მხრიდან ნაგებობის ყრუ ფასადებს წყვილ-წყვილი მცირედ შეისრული, მაღალი კედლის თაღი აფორმებს.

შენობის შიგნით ყოველ კედელში ასეთივე ფორმის, უფრო ღრმა და დაბალი თითო კედლის თაღია, რომლის ზემოთ ოდნავ შვერილი აგურის კარნიზი ყოფილა მოწყობილი; ნაგებობას ასრულებდა ტრომპებზე დაყრდნობილი სფერული გუმბათი, რომელიც დღეს ჩანგრეულია.

ათეშგის სამხრეთ კედელში ზედ მიშენებული სახლისკენ თაღოვანი სარკმელია გაჭრილი.

აღმოსავლეთის მხრიდან ათეშგასა და გომის ქ.N3 საცხოვრებელ სახლს შორის ეზო იქმნება. ათეშგასთან მისასვლელი კლდეში გაჭრილი და აგურის საფეხურებიანი კიბე დღეს ნაწილობრივ დაზიანებული და გაუქმებულია. ნაგებობაში შეღწევა ამჟამად შესაძლებელია მხოლოდ გომის ქ.N3 ტერიტორიის გავლით, რადგან ათეშგის წინ ბაქანი მიერთებული აქვს მოსახლეს. თვით ნაგებობის შიგნით მიწაა დაყრილი და ბაღჩაა მოწყობილი.

საინტერესო ფაქტია ერთ დროს მქუხარე ქრისტიანულ ქალაქში ცეცხლთაყვანისმცემლობის საკულტო ტაძრის არსებობა ერთ-ერთ უძველესი სიწმინდის - ბეთლემის ანსამბლის სიახლოვეს. ეს თვალსაჩინო ილუსტრაციაა რჯულშემწყნარებლობის, თბილისური ცხოვრების წესის მრავალწახნაგოვნების და საზოგადოდ სახელმწიფო პოლიტიკის, რომელიც ისტორიული რეალობის გონივრული შეფასებისა და ანგარიშგაწევის გარემოში ყალიბდებოდა.

ახლო და შუა აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში გავრცელებული ზოროასტრიზმი, ირანთან მჭიდრო კავშირების გამო, აქემენიდური ხანიდან სასანიანთა გამეფებამდე (ძვ.წ VI - ახ.წ. III სს), მშვიდობიანი ურთიერთობის გზით საქართველოშიც ვრცელდებოდა. ამის საბუთია დედოფლის მინდორზე (ქარელის რ-ნი) აღმოჩენილი ძვ.წ. II-I-სს სატაძრო კომპლექსის არსებობა.

აღმოსავლეთ საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემლობის გავრცელების მეორე ტალღა ირანში სასანიანთა დინასტიის მეფობის (III-VII სს) ხანაში ძალდატანებითი იყო. ქრისტიანობის ბრძოლა ამ მოვლენასთან აგიოგრაფიულ ძეგლებშიც აისახა (შუშანიკის და ევსტათი მცხეთელის მარტვილობები). ათეშგები საქართველოში აუგიათ (ნიქოზში, ნეკრესში, მცხეთაში, თბილისში და სხვა), რომელთაგან ის დღემდე მხოლოდ თბილისში შემორჩა.

მატიანეს ცნობით ეს სარწმუნოება საკმაოდ ფეხმოკიდებული იყო ქალაქებში ვახტანგ გორგასლის ხანაში (V ს-ის II ნახ) და იგი, როგორც სახელმწიფო მოღვაწე, იძულებული იყო ანგარიში გაეწია ცეცხლთაყვანისმცემლობის არსებობისთვის ქართულ ქვეყნებში. "ქართლში ქრისტიან ეპისკოპოსთან ერთად მეფის კარზე მოგვთა მეთაურიც იმყოფებოდა, რომელსაც ქართული საისტორიო წყარო სპარსთა ეპისკოპოსს უწოდებს. სპარსელ მოგვებს ოფიციალურად ჰქონდათ ქართლში თავისი რწმენის პროპაგანდის უფლება /55/.

ამ ცნობათა და მოსაზრებათა გათვალისწინებით ათეშგის აშენება დასაშვებია ვახტანგ გორგასლის დროს მომხდარიყო. ირაკლი კეისრის მიერ VII ს-ში, ცეცხლთაყვანისმცემელთა ლიკვიდაციის შემდეგ ეს შეუძლებლად უნდა ჩაითვალოს /57/.

ამ ნაგებობამ საუკუნეების შემდეგ დღემდე შეინარჩუნა სახელწოდების სისწორე. ათეშ (სპარსულად ცეცხლი) გაჰ-ადგილი, იგივე "ცეცხლის საგზებელი", რაც შეეხება მის ფიზიკურ ავთენტურობას, ნაგებობამ რა თქმა უნდა სახე იცვალა საუკუნეთა მანძილზე. არსებული მოსაზრების თანახმად ათეშგა 1724 წლიდან თბილისში გაბატონებული თურქების მიერ გადაკეთდა მეჩეთად, ან მის ფუძეზე იქნა აშენებული მეჩეთი და რომ 1735 წელს თურქების თბილისიდან განდევნისას ნადირშაჰის მიერ დანგრეული ორი მეჩეთიდან ერთერთად ეს ნაგებობა უნდა ვიგულისხმოთ /58/.

მოგვიანებით შენობა გამოყენებული ყოფილა საწყობად, ხოლო XIX ს-ში - საცხოვრებლად.

შარდენის 1673 წლის თბილისის გეგმაზე ათეშგა დაბალყელიანი სფერული გუმბათით დასრულებულ კუბს წააგავს, რომელსაც ირგვლივ შემოზღუდული თავისუფალი ფართობი აქვს. ტურნეფორის 1700 წლის გეგმაზეც იგი დაახლოებით ასევე გამოიყურება; დღევანდელი ნაგებობის საერთო სახეც ასეთია, ანუ შენობის სავარაუდო გადაკეთებამდელი და შემდგომი სახის შედარება არსებით სხვაობას არ გვაძლევს. ან უნდა ვიფიქროთ, რომ შენობის ფუნქციური დანიშნულების შეცვლა მნიშვნელოვანი გადაკეთების გარეშე მომხდარა და იმდენად მცირე ხანს გაგრძელებულა,რომ თავდაპირველი სახელწოდების დაკარგვა ან შეცვლაც არ გამოუწვევია. წინა საუკუნის უხუცესთა გადმოცემით, "Оно, как памятник старины поддерживалось и царями Грузинскими.

პლატონ იოსელიანის ცნობისა და შემორჩენილი ფოტოების მიხედვით ირკვევა, რომ XIX საუკუნეში ათეშგას გუმბათი ისევ ჰქონია; რომ კიბეები სახლსა და ათეშგას შორის შექმნილ ბაქანზე ადიოდა. გაგარინის ჩანახატის მიხედვით შენობას აგურისავე გალავანი აქვს, ისევე როგორც შარდენის ჩანახატზე.

1966 წელს სარესტავრაციო სახელოსნოს მიერ (არქ. ნ.ალხაზიშვილი) გაკეთებული ყოფილა რამდენიმე შურფი შენობის შიგნით. ათეშგა ამ დროისთვის საწყობად და საქათმედ ყოფილა გადაქცეული. არსებული იატაკის დონიდან 110 სმ-ის სიღრმეზე ჩრდილოეთის კედლის გასწვრივ გამოჩენილა აგურის იატაკი, რომელიც სამხრეთისკენ კლდეს ადგებოდა. ამ შურფის ფოტანაბეჭდი (N20817) და ჩატარებული სამუშაოს მოკლე აღწერილობა ინახება ძეგლთა დაცვის სამმართველოსთან არსებულ არქივში. თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ათეშგის 1940 წ. შესრულებული გეგმა, ჭრილი და ფასადები. აქვე ინახებოდა ათეშგას მაკეტი შესრულებული 1938 წელს ნაბათოვის მიერ. ის დღეს ძალიან დაზიანებულია, მაგრამ აშკარად თაღებით გახსნილ ნაგებობას წარმოგვიდგენს, რაც არ შეესაბამება რეალობას და უფრო რეკონსტრუქციის მცდელობა უნდა იყოს. მაკეტზე ჩრდილოეთის მხრიდან მისასვლელი კიბეცაა ნაჩვენები.

 

ჩარევის მეთოდოლოგია

 

ათეშგა თბილისის ისტორიისა და კულტურის უნიკალური ძეგლია და დაუშვებელია მისი მიჩქმალვა და იზოლაცია ქალაქის სტრუქტურიდან. გასააზრებელია მისი სათანადოდ წარმოჩენა როგორც უბანში ისე თბილისის ისტორიული ნაწილისთვის.

აუცილებელია ათეშგა მისაწვდომი გახდეს ქალაქის მოსახლეობისა და ტურისტებისთვის. ამისთვის საჭიროა აღდგეს ათეშგასთან მისასვლელი კიბე და რესტავრაცია ჩაუტარდეს მის შესასვლელთან არსებულ ბაქანს.

აღებულ უნდა იქნს ძეგლის ეზოში მოწყობილი ბაღჩა, მოიხსნას მიწის ფენა და აღდგეს ავთენტური იატაკის დონე.

მდიდარი ისტორიული ფოტომასალა ადასტურებს, რომ ათეშგას გუმბათი თითქმის XX ს.-ის დასაწყისამდე ჰქონია. ადგილზე შემორჩენილია გარკვეული ფიზიკური მასალა. სასურველია ჩატარდეს კომპლექსური კვლევა, ადგილობრივი და რეგიონალური მაგალითების შესწავლის ჩათვლით, რათა გაირკვეს გუმბათის რეკონსტრუქციის შესაძლებლობა.

 

დასაცავი ფასეულობანი და კონსერვაციული მიდგომა

საინჟინრო-ტექნიკური შეფასება

ანაზომი

ფოტო დოკუმენტაცია