ნაგებობა N 43 - ბეთლემის კიბე - ქუჩა

 

მისამართი - ბეთლემის აღმართი

სტატუსი -  ა) ოფიციალური - ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი

 ბ) არაოფიციალური 

თარიღი  - 1850 წ.

 

ბეთლემის კიბე - ქუჩა

თბილისის ძველ გეგმებზე, ბეთლემის უბანში აღნიშნული ქუჩების ქსელში მკაფიოდ იკითხება დღევანდელი ბეთლემის აღმართი. იგი 1785 წლის გეგმაზე ფეთხაინის ქუჩის სახელით იხსენიება (როგორც ბეთლემის ეკლესიას უწოდებენ ამ დროს ფეთხაინის ეკლესიას). ქუჩა საკმაოდ ციცაბო კლდოვან რელიეფს მიუყვება, ჩვენ არ ვიცით როგორ იყო იგი გადაწყვეტილი ადრეულ ეტაპზე.

დღეს ბეთლემის აღმართს კიბე - ქუჩის სახე აქვს, რომლის სხვადასხვა მიმართულებისა და სიგრძის მარშებს შორის ბაქნებია განაწილებული. კიბეები აადვილებს აღმართზე გადაადგილებას, ხოლო ბაქნები სხვადასხვა ტერასაზე განლაგებულ შენობებთან მოხერხებულ მისადგომს წარმოადგენს. კიბეები და ბაქნები თლილი ბაზალტის, ერთმანეთთან ლითონის კაუჭებით შეკავშირებული კვადრებით არის მოწყობილი. მათ გვერდებიდან ასეთივე თლილი ქვის ჯებირები მიუყვება ცალკეულ მონაკვეთებში.

ბეთლემის კიბე - ქუჩის პროექტი 1850 წელსაა შესრულებული საგუბერნიო არქიტექტორის ტიმოთე ბელოის მიერ. პროექტის მიხედვით კიბეები გადახურული უნდა ყოფილიყო. პროექტი საკუთარი მასალით, უსასყიდლოდ განახორციელეს თბილისელმა ამქრებმა. მან ამ პროცესში არსებითად იცვალა სახე, არ მოეწყო მისი გადახურვა. ანალოგიური თავისუფალი მიდგომა პროექტების განხორციელებისას დამახასიათებელი იყო თბილისელი ოსტატებისათვის, რომლებიც მათთვის ახლობელ ადგილობრივ ტრადიციებს უქვემდებარებდნენ ცალკეულ მიუღებელ საკითხთა გადაწყვეტას.

კიბის შუაწელზე, ბეთლემის აღმართი N8 (N5) საცხოვრებელი სახლის გასწვრივ, ბაქანზე შერჩენილია საყრდენ კედელში, აგურის თაღით გადაყვანილი წყარო.  მისი ჩაწეული სიბრტყე თევზიფხური აგურის წყობითაა ამოყვანილი. დღეს წყარო დაკარგულია. ამავე დონეზე შერჩენილი იყო ადრეული, ქვისა და აგურის შერეული წყობის კედლის ფრაგმენტი ბეთლემის ქვედა ეკლესიის განახლებულ გალავანში, რომელიც 1999 .- ეკლესიის ტერიტორიის ტრანსფორმაციამ შეიწირა.

ამჟამად ნაწილობრივ დაზიანებული და მონგრეულია კიბის ჯებირები. საფეხურების სწორხაზოვნება დარღვეულია; ცალკეული მონაკვეთები დაცურებულია, გარკვეულ ნაწილებში დაკარგულია ჯებირის ბაზალტის ქვები.

 

ჩარევის მეთოდოლოგია

აუცილებელია ბეთლემის ქუჩა-კიბის გამაგრება ავთენტური მასალითა და ტრადიციული სამშენებლო მეთოდით.

 

 

დასაცავი ფასეულობანი და კონსერვაციული მიდგომა

საინჟინრო-ტექნიკური შეფასება

ანაზომი

ფოტო დოკუმენტაცია