I. ბეთლემის უბნის მდებარეობა

საკვლევი მონაკვეთი, რომელიც პროექტში იწოდება ბეთლემის უბნად, თბილისის ისტორიული ნაწილის - ქვემო კალას შემადგენლობაში შემავალი კლდისუბნის მიკროუბანია. იგი სოლოლაკის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ძველი ქალაქის დასავლეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს და შემოიფარგლება სამი მხრიდან ბეთლემის ქუჩით გომის ქუჩის გადაკვეთამდე, ბეთლემის II ჩიხით, ასკანის I ჩიხით და მის გასწვრივ ბეთლემის აღმართის მონაკვეთით, ხოლო სამხრეთით განაშენიანების ბუნებრივი საზღვრით, კლდის ფერდით.

ძველი ქალაქის ეს მონაკვეთი აქტიურად შემოდის ხედვის არეში და კარგად აღიქმება მრავალი წერტილიდან, რასაც პირველ რიგში მისი შემაღლებული მდებარეობა განაპირობებს.

ბეთლემის უბნის ჩრდილოეთით, მეზობლად გადის ლ. ასათიანის დიდი ქუჩა, რომელიც პურის მოედნიდან იწყება, კალას უბანს სცდება და სოლოლაკში გრძელდება. მახლობლადაა აგრეთვე ორი მოედანი - პურის და იერუსალიმის.

ძველ ქალაქში მოძრაობისას ამ მონაკვეთზე ყურადღების კონცენტრირების არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია აქ განლაგებული სიძველეების სიმრავლე და სიმჭიდროვე: ორი გუმბათიანი ეკლესია, სამრეკლო და ათეშგა. მათი განსხვავებული სილუეტები და მსხვილი მოცულობები განლაგებულია უბნის განაშენიანების ზედა ზოლში და ამის გამო კლდოვანი ფერდის ფონზე კიდევ უფრო მკაფიოდ იკითხება კონტურები.

თბილისის რუკა

ხედი ბეთლემის უბანზე

გეგმა 1

ექსპლიკაცია, უბნის ნაგებობათა მისამართები