II. ისტორიული კონტექსტი

II.1. ბეთლემის უბნის ადგილი შუასაუკუნეების თბილისში

მტკვრის შევიწროვებული კალაპოტის და მის მარჯვენა სანაპიროზე აღმართული კლდოვანი ქედის სტრატეგიულად მოხერხებულმა მდებარეობამ განსაზღვრა აქ ციხის აგება IV საუკუნეში, რასაც მოგვიანებით გალავანშემოვლებული ტერიტორიის შიგნით ქალაქის აღმოცენება მოყვა. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაბლობსა და ნარიყალას ციხის დასავლეთით სოლოლაკის ქედის ჩრდილო ფერდობზე, გაშენდა თბილისის ერთ-ერთი ძველი და ყველაზე ვრცელი უბანი კალა, რომელიც მდინარის დინების მიხედვით გაიყო ორ ნაწილად, ზემო და ქვემო კალად.

ისტორიული ქალაქის დასავლეთის საზღვარს დღევანდელი დადიანის ქუჩის ადგილას არსებული ქალაქის გალავანი წარმოადგენდა, რომელიც XIX ს-ში დაანგრიეს. პროექტით შერჩეულ მონაკვეთს ისტორიული ქალაქის დასავლეთ საზღვრამდე ერთი კვარტალი აშორებს და იგი თვალსაჩინოდ გამოირჩევა შუა საუკუნეების ქალაქგეგმარებითი სტრუქტურის დაცულობით.

ხედი სოლოლაკის ქედზე მამადავითიდან

ხედი ბეთლემის უბანზე სოლოლაკის ქედიდან.

II.2. მიკროუბნის სახელწოდების და ასაკის დაზუსტებისთვის

საუკუნეთა მანძილზე ჩამოყალიბებულ ისტორიულ უბნებს შორის კალა თავისი მნიშვნელობით იმთავითვე გამოირჩეოდა. გვიან შუა საუკუნეებში იგი IV-V სს-ის კალას ტერიტორიასაც მოიცავდა და მის ჩრდილოეთითა და დასავლეთით მდებარე მხარეებსაც. ჩვენ ვიცით, რომ ამ უბანს თავიდანვე ჰქონდა შემორტყმული გალავანი. ის ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს შედგენილ თბილისის უადრეს გეგმაზეც ჩანს. გალავანი აღბეჭდილია გასული საუკუნის ფოტო-დოკუმენტებზეც. კალა ცენტრი იყო ქალაქისა, აქ მდებარეობდა სტრატეგიული და ადმინისტრაციული დანიშნულების ნაგებობანი.

დღევანდელი ლესელიძის ქუჩით ორ ნაწილად გაყოფილ ზემო და ქვემო კალაში მიკროუბნები იქ მდებარე ეკლესიების, ან სხვა გამორჩეული ღირსშესანიშნაობის, თუ მცხოვრებ პირთა და ადგილის გეოგრაფიული თავისებურებით იყო სახელდებული. სწორედ ამ უკანასკნელმა განსაზღვრა სოლოლაკის ქედზე შეფენილი უბნის სახელწოდება – კლდისუბანი, რომელიც დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით, საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა: დადიანის ქუჩიდან მოყოლებული კლდისუბნის წმინდა გიორგის მიმდებარე უბნამდე და უფრო აღმოსავლეთითაც. 1712 წლის წყალობის წიგნით ვახტანგ VI უბრუნებს აშხარბეგს კლდისუბანში სასახლეს, რომელიც გალავნის შიგნითაა /1/. ეს ტერიტორია ქვემო კალას განაპირა სამხრეთ-დასავლეთის მონაკვეთში, იგივე მელიქის უბანში უნდა ვიგულისხმოთ. კლდისუბნის წმინდა გიორგის სახელწოდება თავისთავად გვიდასტურებს ამ მონაკვეთშიც უბნის იგივე სახელწოდებას. ი. გრიშაშვილის განმარტებით, კლდისუბანი გოგირდის აბანოების ნაწილს ჰქვია /2/. ერთერთ დოკუმენტშიც იგი ციხისკენაა მიწეული; უცნობი მღვდლის XVIII ს-ის I ნახევრის ქართულ სამწყსოთა ნუსხაში /3/ მოხსენიებული "ფეთხაინის კლდისუბანი" აკონკრეტებს ჩვენი მიკროუბნის სახელწოდებას ვრცელ კლდისუბანში და რადგან ფეთხაინი ბეთლემის გვიანდელი, სახეცვლილი სახელწოდებაა, საკვლევი არეალის ლოკალიზებისთვის სწორედ ამ სახელწოდებას ვხმარობთ - ბეთლემის კლდისუბანი, ანუ მოკლედ ბეთლემის უბანი.

ხედი ბეთლემის უბანზე

II.3. ბეთლემის უბნის ქალაქმშენებლობის განვითარების ზოგადი სურათი

ბეთლემის უბანი, როგორც ზოგადად თბილისი, მრავალფენიანია და რთული. ის ერთი იმ ადგილთაგანია, საიდანაც თბილისის ქალაქმშენებლობითი პროცესი იწყებოდა და ამაზე ყველაზე უფრო დამაჯერებლად ბეთლემის ეკლესიისა და ათეშგის აქ მდებარეობა მეტყველებს. პლ. იოსელიანი, საეკლესიო ტრადიციაზე დაყრდნობით, ბეთლემის ეკლესიას ვახტანგ გორგასლის დროის ხუთ ეკლესიას შორის იხსენიებს, ასევე ათეშგაც-ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარი, ამავე ხანაში უნდა აღმოცენებულიყო.

საქართველოში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, საკულტო ნაგებობები შემაღლებულ და მცირედ მაინც იზოლირებულ ადგილას შენდებოდა. შარდენის ჩანახატის მიხედვით, XVII ს-ის მეორე ნახევარში ეს ორივე ნაგებობა განაშენიანებიდან მოშორებით, ერთმანეთისგან განცალკევებულ დამოუკიდებელ ბორცვებზე დგას, რომელთა შორის ხევი იკვეთება. XVIII ს-ის დასაწყისისთვის კი, თუ ტურნეფორის ჩანახატს დავეყრდნობით, კლდისუბნის ეს მიდამოები განაშენიანების გარემოცვაშია. ძნელია ამ ჩანახატების დოკუმენტური სიზუსტის მტკიცება, მხოლოდ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ თბილისს ახასიათებდა მშვიდობიანი ცხოვრების პერიოდებში მოსახლეობის რიცხვის და დასახლების სიმჭიდროვის სწრაფი ზრდა. ამ გარემოების გათვალისწინებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადრეულ წარსულშიც იკავებდა მოსახლეობა მთის ამ ფერდის ზედა ნაწილებს, მაგრამ დაბეჯითებით ამის მტკიცება მხოლოდ არქეოლოგიური დაზვერვების ჩატარების შემდეგ იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ჩერნეცოვის, 1830-იან წწ.-ში შესრულებულ ნახატს, იგი ავტორისათვის დამახასიათებელი დოკუმენტურობით წარმოაჩენს ბეთლემის უბნის უკვე ჩამოყალიბებულ ბანურ-ტერასული განაშენიანების სახეს. საყრდენი კედლებით შემაგრებული ტერასები, საცხოვრებელი სახლების ქვედა ფენები, სარდაფები და სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობები, რომელთა დიდი ნაწილი უფრო ადრინდელია ვიდრე ნაგებობა, ნათელს ხდის, რომ სახლების უმრავლესობა ადრინდელი საცხოვრებლის ნაფუძარზეა აშენებული ან ძველი ნაგებობის ნაწილს შეიცავს, რაც მიგვანიშნებს შუა საუკუნეების ქალაქგეგმარებითი სტრუქტურის დაცულობაზე ამ ნაწილში. ამით არის განპირობებული ისტორიულად ჩამოყალიბებული გეგმარებითი სტრუქტურის თითქმის უცვლელი ხასიათი და, სწორედ ამიტომ ბეთლემის უბანი ურბანული მემკვიდრეობის გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს.

ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წ.-ს რუკაზე ბეთლემის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია დასახლებულია. რაც შეეხება XIX ს.-ის შედარებით უფრო პროფესიონალურად შედგენილ რუკებს - 1802, 1866 და 1882 წწ.-ისა, აქ უკვე მკაფიოდ იკითხება ბეთლემის მიკროუბნის ქუჩების ქსელის დამახასიათებელი პლასტიკა და ნიშნები: ბეთლემის ქ. N3-ის (პროექტს თანდართული ნაგებობების ნუსხით - N42, ქვემოთ მითითებული იქნება მხოლოდ ნომერი) სამკუთხა მოხაზულობის ტრაპეციული მიწის ნაკვეთი, ბეთლემის ქუჩისა და გომის ქუჩის გადაკვეთის მრუდი, ასკანის II შესახვევით, გომის ქუჩითა და ასკანის კიბე-ქუჩით შემოფარგლული ასევე ტრაპეციული განაშენიანებული მიწის ნაკვეთი, ასკანის ქუჩის ვერტიკალი, აქვეა ასაკანის I, II და III ჩიხები, ასათიანის I შესახვევი და ბეთლემის აღმართი. აღსანიშნავია, რომ უკვე 1802 წ.-ის რუკაზე იკითხება კავშირი ამ უკანასკნელ ორ ქუჩას შორის, რომელიც დღეს დაკარგულია.

მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს XIX ს.-ის ფოტომასალა, რომელიც საშუალებას გვაძლევს თვალი გავადევნოთ საკვლევი არეალის განაშენიანების მორფოლოგიის სახეცვლის ტემპსა და ქრონოლოგიას. საინტერესოა ბეთლემის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის, ბეთლემის აღმართიდან ასკანის ქუჩის ჩათვლით, ტრანსფორმაცია:

1. ჩვენამდე მოღწეულ XIX ს-ის შუაწლების ფოტოზე (იხ. ქვემოთ ფოტო და გრაფიკული მასალა) . ამ ფოტოზე ქვედა ბეთლემის ეკლესია ჯერ არა აქვს გუმბათი) ბეთლემის ეკლესიის მიმდებარე ტერასა ჯერ არ არის დღევანდელი სახით ჩამოყალიბებული - ბეთლემის აღმართი N16ა-ს (12) ადგილზე არსებული სახლის ნაცვლად აქ შეინიშნება მძლავრი გალავანი, ან საყრდენი კედელი და ეკლესიის წინ ტერიტორია 3 დონეზე ვითარდება. როგორც ეტყობა ჯერ არ აშენებულა ბეთლემის კიბე-ქუჩა და ეკლესიასთან მისასვლელი სხვაგვარადაა მოწყობილი, თუმცა უკვე მოსჩანს ბეთლემის ეკლესიის თაღებიანი ბაქანი. რაც შეეხება ასკანის ქუჩის ზედა ნაწილის სახლებს, გომის N5/12 (25) და ასკანის N10\1 (21) ისევე, როგორც გომის ქ. N1 (III) უკვე დასრულებული სახით დგას. სულ სხვა სურათია ასკანის N11-სა (24) და ასკანის N9/2 (22) შემთხვევაში. ისინი ჯერ მცირე ზომის მოცულობით და ბანური გადახურვით ჩანს. საინტერესოა, რომ ორივე ეს ნაგებობა დღესაც დაცულია: ერთ შემთხვევაში - ასკანის N11-ში იგი შეერწყა სახლის გვიანდელ, დღეს არსებულ სტრუქტურას, ხოლო ასკანის N9/2-ში დაცულია XVII ს.-ის სარდაფის და ქვედა ორი სართულის სახით. ფოტოს ამ მონაკვეთზე კარგად იკითხება უბნის ადრეული – ბანურ-ტერასული – განაშენიანების ხასიათი.

2. ოდნავ მოგვიანებით შესრულებულ, სავარაუდოდ 1860-იანი წწ.-ის ბოლოს ფოტოზე უკვე მოსჩანს დღეს უბანში საკვანძო მდებარეობის ბეთლემის აღმართი N16ა (12), რომელიც აქტიურად იყენებს და ერწყმის აქ ადრე არსებულ გალავნის კედელს, მაგრამ აღარ არსებობს ამ ტერიტორიის მეზობლად, ასკანის N11-ის ქვედა მკლავზე მიდგმული ნაგებობა. სწორედ მის ადგილას ჩნდება აგურის თაღებიანი საყრდენი კედელი, რომელიც ამ დროიდან აქტიურად იკითხება უბანის სახეში. უკვე შეინიშნება ასკანის N11-ის განვითარების დასაწყისი – მოსჩანს კოშკური ტიპის ორსართულიანი საცხოვრებელი, ბანური გადახურვით, ასკანის ქუჩის ზედა კუთხეში. ბეთლემის ქვედა ეკლესია უკვე გუმბათიანი ნაგებობაა.

3. მომდევნო პერიოდის, სავარაუდოდ XIX ს.-ის 80-იანი წწ.-ის ფოტოზე ასკანის ზედა კუთხის კოშკურ საცხოვრებელს უკვე ქანობიანი გადახურვა აქვს, გადაკეთებულია ქვედა, XVIII საუკუნის მკლავიც აღმოსავლეთით, თუმცა ჯერ კიდევ არ ჩანს გომის ქუჩის ბოლო მონაკვეთზე დღეს აგურის ფასადით გამომავალი მკლავი, რომლითაც საბოლოოდ გაერთიანდა და დღევანდელი სახე მიიღო ასკანის N11-მა (24). ასკანის N9/1 (22) კი უკვე ტრანსფორმირებული და მეზონინიანი სამსართულიანი ნაგებობის სახით დგას.

დოკუმენტში ნაჩვენებია უბნის ამ მონაკვეთის XIX ს-ის II ნახევარში ტრანსფორმაციის ამსახველი პროცესის გრაფიკული რეკონსტრუქცია.

განხილულ ფოტოებზე კარგად მოჩანს ბეთლემის სამრეკლოს გვერდით ფასადზე მიდგმული ნაგებობა, რომელიც იმ გამონაკლისთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც, როგორც ეტყობა, XX ს.-მდე არ მოუღწევია.

ჩანახატები:

რუკები:

ფოტოები: