IV. ურბანულ ქსოვილში ჩარევის მეთოდოლოგია

IV.1 ისტორიული საცხოვრებელი სახლების კლასიფიკაცია

საცხოვრებელი სახლების მიმართ ჩარევის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად სახლები პირობითად 4 ჯგუფად დაიყო. ამის ძირითადი მიზეზი სახლების დღეს არსებული დაცვის სტატუსის შეუსაბამობაა მათ რეალურ მნიშვნელობასთან. ეს პრობლემა მთლიანად ისტორიული თბილისის წინაშეც დგას. სწორედ ამიტომ ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის სამეცნიერო-მეთოდურმა საბჭომ უკვე განიხილა რამდენიმე დამატებითი სია თბილისის ისტორიულ ნაწილის სახლებისა, რომელთაც ძეგლის ნიშანი გააჩნიათ./16/ მათ შორისაა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის თბილისის პროექტის ფარგლებში შედგენილი კლდისუბნის ძეგლის ნიშნის მქონე ნაგებობების ნუსხა. კონსერვაციის გეგმის დამუშავების ფარგლებში, კვლევის შედეგად ამ სიას კიდევ დაემატა 4 ნაგებობა. გარდა ამისა 4 კატეგორია მეტი მოქნილობის საშუალებას იძლევა ჩარევის სხვადასხვა მეთოდოლოგიის განსაზღვრისთვის. შესაბამისად, გეგმაზე (20) მოცემულია ისტორიული საცხოვრებელი სახლების შემდეგი კლასიფიკაცია:

გამორჩეული მხატვრულ-ისტორიული ღირებულების მქონე ნაგებობები – ამ ჯგუფში გაერთიანდა ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლები და ასევე უბნის ის სახლები, რომლებსაც გამოარჩევს: განსაკუთრებული მხატვრული ღირებულება, მაღალი სამშენებლო ხარისხი და დახვეწილი ოსტატობა, გამორჩეული მდებარეობა უბნის სივრცულ-გეგმარებით სტრუქტურაში, მნიშვნელოვანი ადრეული სამშენებლო ფენების დაცულობა. ამ ჯგუფის სახლების უმეტეს ნაწილს ახასიათებს აღნიშნულ ფასეულობათაგან რამდენიმე ან მათი ერთობლიობა. შესაბამისად, ამ კატეგორიის სახლები ექვემდებარება კომპლექსურ რესტავრაციას.

ურბანული და მხატვრული ღირებულების მქონე ნაგებობები – ამ ჯგუფში გაერთიანდა ის საცხოვრებელი სახლები, რომლებსაც ზემოთ აღნიშნულ ფასეულობათაგან ერთი მაინც ახასიათებს. შესაბამისად, ეს ნაგებობები ექვემდებარება ფიზიკურ შენარჩუნებას და საჭიროა მათი არქიტექტურული სახის რესტავრაცია.

რიგითი ისტორიული ნაგებობები – ამ ჯგუფში თავმოყრილია გამორჩეულობას მოკლებული ტიპიური ისტორიული საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ავთენტურია და ისტორიული გარემოს სახის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შესაბამისად, სახლების ეს ჯგუფი ექვემდებარება ფიზიკურ შენარჩუნებას და საჭიროა მათი არქიტექტურული სახის მოწესრიგება ტრადიციული მასალითა და ფორმით.

ავთენტურობა შელახული რიგითი ისტორიული ნაგებობები – ეს არის ნაგებობათა მცირე ჯგუფი, რომლებსაც დაკარგული აქვს ავთენტურობა. ზოგიერთ მათგანს შერჩენილი აქვს გეგმარებითი სტრუქტურა ან შეიცავს ფრაგმენტს ისტორიული ნაგებობისა, ან ძველ ნაფუძარზე აგებულ ნახევრად კუსტარულ ნაგებობას წარმოადგენს. შესაბამისად, აუცილებელია მათი ისტორიულ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანა. დასაშვებია ასევე ამ სახლების ახალი მოცულობით შეცვლა "შევსების დიზაინის" სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით.

ეს კლასიფიკაცია მაინც პირობითია და რიგ შემთხვევაში არ იძლევა ჩარევის მეთოდოლოგიის მექანიკურად განსაზღვრის საშუალებას. ამის მიზეზია ის, რომ საცხოვრებლების უმრავლესობა მჭიდრო განაშენიანებაშია ჩართული და მათი ფასეულობათა დაცვა დამოკიდებულია არა მხოლოდ კონკრეტულად ამა თუ იმ ნაგებობის რესტავრაციის ან მკურნალობის ხარისხზე, არამედ მისი უახლოესი გარემოს სწორად ინტერპრეტაციაზე.

“ბეთლემის ასიმეტრიულ ანსამბლში”, როგორც მას ვ. ცინცაძე განსაზღვრავს /17/, და მის გარშემო აშკარად გამოიყოფა შენობათა ჯგუფები, რომლებსაც მათი გამოკვეთილი გეგმარებითი ურთიერთდამოკიდებულებისა, სივრცის ორგანიზების მნიშვნელობისა, თუ მთლიანად ანსამბლის მნიშვნელოვანი სილუეტის ჩამოყალიბების გამო, მცირე ანსამბლები შეიძლება ვუწოდოთ. (გეგმა 21)

ორი ასეთი ჯგუფი შენობებისა - A და B - ასკანის ქუჩის ზედა ნაწილს, კიბე-ქუჩას ქმნის. ჯგუფში გაერთიანებულია: ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი გომის ქ. N5/12, გამორჩეული მხატვრულ-ისტორიული ღირებულების ასკანის ქ. N10/1, ურბანული ღირებულების ასკანის II შესახვევი N3 და 80-იან წლებში დანგრეული გომის ქ. N1 -ის მიწის ნაკვეთი, რომელიც ისე იყო დაგეგმარებული, რომ ბეთლემისა და გომის ქუჩების გადაკვეთის ისტორიულად ჩამოყალიბებული მრუდის შემადგენელი ნაწილი იყო და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა როგორც უბნის ამ მონაკვეთის განუმეორებელი პლასტიკისა და დინამიკის, ისე გომის ქ. N5/12 სრულფასოვან აღქმაში. დაუშვებელია ამ ჯგუფის ნაგებობების მიმართ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კონსერვაციული მიდგომის ჩამოყალიბება. იგივე შეიძლება ითქვას B ჯგუფის მიმართ, რომელიც თავის მხრივ, ორგანულად გადადის ბეთლემის ეკლესიის ტერასის საყრდენ კედელთან, რითაც უკავშირდება საკვანძო მდებარეობის ბეთლემის აღმართ N16ა-ს. ყოველივე ეს განაპირობებს ამ ორ ჯგუფში გაერთიანებულ ნაგებობებისადმი მკაფიო რესტავრაციული მეთოდოლოგიის განსაზღვრას, ხოლო დაკარგული გომის ქ. N1-ის შემთხვევაში კონსერვაციის გეგმა რეკომენდაციას უწევს ნაგებობის რეკონსტრუქციას (სივრცულ-გეგმარებითი გადაწყვეტის, მოცულობის აღდგენა). ჩანახატზე წარმოდგენილია ასკანის II შესახვევის და ასკანის III ჩიხის განშლის გრაფიკული რეკონსტრუქცია.

ე. მახათელაშვილი. 2004
ჩანახატი. ასკანის II შესახვევის, ასკანის III ჩიხის განშლა. დღევანდელი მდგომარეობა

ჩანახატი. ასკანის II შესახვევის, ასკანის III ჩიხის განშლა. გრაფიკული რეკონსტრუქცია

სწორედ ამიტომ არის, რომ ურბანულ ქსოვილში ჩარევის სახელმძღვანელო პრინციპები (გეგმა 22) მაინც ზოგად ხასიათს ატარებს და თითოეულ სახლზე დამუშავებულია კონკრეტული ნაგებობის საინფორმაციო ბაზა, რომელშიც თავმოყრილია ძირითადი ინფორმაცია და დასაცავ ფასეულობათა აღწერა, ჩარევის მეთოდოლოგია, ფიზიკური მდგომარეობის შეფასება, ობიექტის ანაზომი და ფოტო დოკუმენტაცია. (გეგმა 1)

IV.2. თანამედროვე ნაგებობები

ბეთლემის უბანში არსებული XX ს.-ის II ნახევრის ნაგებობებიდან უნდა გამოიყოს ორი დაპროექტებული სახლი: ინდივიდუალური საცხოვრებელი - ბეთლემის ქ. N11 და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ასათიანის ქ. N14.

ბეთლემის ქ. N11 - ამ ახალ ნაგებობას ბეთლემის უბნის ერთერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობის - ბეთლემის ქ. N11 (I) სახლის (ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი) ადგილი უკავია, რომელიც სახლის გეგმარების კონტურის და საერთო გაბარტიტების შენარჩუნების მიუხედავად, ვერ ერგება გარემოს და მისი ხისტი სხეული დრეკად მოსახვევში გარდიგარდმო გაჩხერილ უცხო სხეულად რჩება. შემორჩენილ ძველ ფოტოებთან შედარებისას ეს შთაბეჭდილება უფრო მეტად ძლიერდება. მსგავსი შედეგი რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული: ძველი ნაგებობის კონტურები ფორმალურად იქნა გამეორებული - ეს კონტური მორგებული იყო მეზობლად მდგარ ბეთლემის ქ. N9-სთან (II) (გეგმა 10) ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი გამომგონებლობითა და შემოქმედებითი მიდგომით. ახალმშენებლობისას კი საერთოდ დაიკარგა ბეთლემის ქ. N9 (II) და მისი ადგილი ბეთლემის ქ. N11-ის (I) ეზომ დაიკავა. შესაბამისად, მისი შიდა, ეზოს კონტური და ფასადი აქტიურად გამოვიდა ქუჩაზე და აზრსმოკლებულ მხატვრულ გადაწყვეტად იქცა. მეორეს მხრივ, ეს შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, რომ შეუძლებელია ისტორიული ნაგებობის რეკონსტრუქცია (რის არქიტექტურულ მცდელობასაც ვხედავთ ამ შემთხვევაში) განსხვავებული სამშენებლო მასალით. (იხ. საინფორმაციო ბაზა).

ბეთლემის ქ. N11

დანგრევამდე. წიგნიდან: ვ. ბერიძე, თბილისის ხუროთმოძღვრება, ტ.1, თბ. 1960

 

ახალი. მ. სურამელაშვილი. 2002

 

ჩარევის მეთოდოლოგია

ეს კონკრეტული შემთხვევა კარგად უნდა შეისწავლოს დამპროექტებელმა ბეთლემის უბანში ახალი ნაგებობის, ე.წ. "შევსების დიზაინის" შესრულებისას, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შეცდომები.

სიტუაციის გამოსასწორებლად საჭიროა ნაგებობის ცემენტის ნალესობა შეიცვალოს ტრადიციული ბათქაშით, რომლის მეშვეობითაც ტრადიციისამებრ, უნდა დანაწევრდეს ფასადის ზედაპირი გომის ქუჩის მხრიდან, პარაპეტის ჩათვლით. ტრადიციული ბათქაში უნდა გაკეთდეს ღობეზეც, ხოლო ჭიშკრის დიზაინი შეიცვალოს ისტორიული გარემოს შესაბამისად.

სასურველია აივანზე ქუჩის მხრიდან ლითონის კონსტრუქციები შეიცვალოს ხის კონსტრუქციით.

გომის ქუჩის მხრიდან საჭიროა მიწის ზედაპირიდან ამოზიდული ისტორიული გარემოსთვის კატეგორიულად მიუღებელი საძირკვლის ბეტონის მოზრდილი ბალიშების ნეიტრალიზება - რაიმე მხატვრული გადაწყვეტის მოფიქრება.

ნაგებობის მოთუთიებული თუნუქის გადახურვის საფარი უნდა შეიღებოს ძველი თბილისისთვის ტრადიციული მოყავისფრო - მოწითალო საღებავით.

უბნის განვითარების გრძელვადიან გეგმაში ეს ნაგებობა, როგორც უხარისხო ხუროთმოძღვრების ნიმუში, შეიძლება შეიცვალოს ახალი მოცულობით (მაგალითად: უფლებრივი ზონირების დოკუმენტის მუხლი 24-ით განსაზღვრული "შეუსაბამო" უძრავი ობიექტის სტატუსის მინიჭება).

ასათიანის ქ. N14 - ასათიანისა და ბეთლემის აღმართის კუთხეში განხორციელებული ახალმშენებლობები ცნობილი და საყოველთაოდ აღიარებული უხეში ჩარევაა თბილისის ისტორიულ ნაწილში. ორმა წაგრძელებული გეგმის, მრავალსართულიანმა კორპუსმა მთლინად დაარღვია აქ ადრე არსებული ორი ნაგებობის კონფიგურაცია და გეგმარებითი სტრუქტურა. (გეგმა 10) იმის გარდა, რომ მასშტაბი ახალი ნაგებობებისა ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, ამ ჩარევით დაირღვა ქუჩის კონტური, (ისტორიული ქუჩის კონტურიდან უკან ჩაიწია) და დაიკარგა ისტორიული, ქრესტომათიული პერსპექტივა ბეთლემის ქუჩა-კიბისა და დაფარა მასზე აკინძული მონუმენტების სილუეტი. უხარისხოა ახალი მოცულობის არქიტექტურა.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადგილი უბნის დასავლეთ "კარიბჭეს" წარმოადგენს და ერთ-ერთი მთავარი აღქმის წერტილია ბეთლემის ანსამბლისა, აქ განხორციელებული ახალმშენებლობა ყველაზე დიდ პრობლემად გვეგლინება უბნის ისტორიული სახის შენარჩუნებისა და ზოგადად მისი რევიტალიზაციის პროცესში.

ისტორიული ფოტო. 1850-იანი წლები
© შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფოტოარქივიდან

ისტორიული ფოტო. XX საუკუნის დასაწყისი
© შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფოტოარქივიდან


ისტორიული ფოტო. 1930-იანი წლები
© ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმის ფოტოარქივიდან

მ. სურამელაშვილი. 1979 წელი

ნ. ცინცაბაძე. 1997

მ. სურამელაშვილი. 1997

ნ. ცინცაბაძე. 1999

© რ. ლაგენბახი. 2002

ე. მახათელაშვილი. 2004

© რ. ლაგენბახი. 2002

ჩარევის მეთოდოლოგია

ნაგებობის ბედი თბილისის ისტორიულ ნაწილში განხორციელებული ყველაზე უხეში ჩარევების მოწესრიგება-გამოსწორების გლობალურ კონტექსტში უნდა გადაწყდეს. ზედაპირული ჩარევით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. საჭიროა მასშტაბური საპროექტო გადაწყვეტის მოძებნა, რაც იურიდიული და ადმინისტრაციული ღონისძიებების, უფლებრივი ზონირების დოკუმენტის მუხლი 24.-ით განსაზღვრული "შეუსაბამო" უძრავი ობიექტის სტატუსის გამოყენებით უნდა განხორციელდეს.