V. ურბანული ქსოვილის ფიზიკური მდგომარეობა

V.1. შენობათა საინჟინრო-ტექნიკური შეფასება

შენობების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლამ აჩვენა, რომ კლასიფიცირება დაზიანებათა ინტენსივობის გათვალისწინებით, რითაც ფასდება შენობები, სეისმური ზემოქმედების შედეგად გამოვლენილ დაზიანებათა რეგისტრაციისას, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან კორექტირებას მოითხოვს, რადგან საკითხი ეხება საცხოვრებელ მიკრორაიონს, უნიკალურს თავისი მდებარეობით, სრულიად თავისებური არქიტექტურულ-მხატვრული და ტექნიკური გადაწყვეტით.

კონსტრუქციების ტექნიკური გადაწყვეტის მიხედვით, ძირითად მზიდ სისტემას ქმნის აგურის კედლები, რომლებიც შემოსაზღვრავს ბერძნული ალფავიტის "Г" და "П" ფორმის სათავსებს. შენობის საბოლოო არქიტექტურული სახე მინაშენი ხის აივნებით ხდება სრულყოფილი. აივნების მსუბუქი კონსტრუქცია გამორიცხავს მათ მავნე ზემოქმედებას აგურის ძირითად ნაგებობაზე, რაც რაციონალურ გადაწყვეტად შეიძლება ჩაითვალოს.

განვლილი ბოლო ორი საუკუნე, რომლითაც შეიძლება სრულად შემოიფარგლოს შენობათა არსებობის და ექსპლოატაციის/ამორტიზაციის პერიოდი, ხასიათდებოდა ზომიერი სეისმური ზემოქმედებით და შეიძლება ითქვას მნიშვნელოვან ნგრევებს ადგილი არ ჰქონია. თვით 2002 წლის 25 აპრილის მიწისძვრის შედეგად, რომელმაც მსგავსი ტიპის შენობების მასობრივი დაზიანებები გამოიწვია სოლოლაკში და ჩუღურეთ-დიდუბის რაიონში, ბეთლემის უბნის შენობები ნაკლებად დაზიანდა. შენობების საინჟინრო უზრუნველყოფის შიდა და გარე ქსელების მოუწესრიგებლობა, ასევე მწვავედ დგას ბეთლემის უბანში, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, მისი გავლენა ნაკლებად დაეტყო მიწისძვრის შედეგებს.

შენობათა მდგრადობის განმსაზღვრელია კლდისუბნის გეოლოგიური თავისებურება, ყოველი შენობის ფუძეს წარმოადგენს კლდოვანი ქანი. მიუხედავად იმისა, რომ კედლების დანესტიანება მასობრივი ხასიათისაა, შეიძლება ითქვას, ფუძის სიმტკიცე უზრუნველყოფილია და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში განაპირობებს დაზიანებებს, რომლებიც ცალკე იქნება განხილული.

შენობათა სართულიანობა საკმაოდ შეზღუდულია, იგი განსაზღვრულია სარდაფის ჩათვლით. მათი 92.5% 2-3-4 სართულიანია 1:2:1.625 შეფარდების პროპორციულად. შენობათა პირველი ან სარდაფის სართულების კედლები უმთავრესად აგურის წყობითაა შესრულებული და შეჭრილია კლდის მასივში ან მას ეყრდნობა. საძირკვლის და I სართულის კედლების სისქე 100 სმ.-მდეა, იშვიათად 116 სმ.. ზედა სართულებში მშენებლები ხშირად გაბედულად ცვლიან კედლის სისქეს და მათი ზომები 25 -38 სმ-ის ფარგლებშია.

ნაგებობათა დაზიანებას რამდენიმე გამომწვევი მიზეზი აქვს. პირველი და უმთავრესი შენობებისა და, რაც ყველაზე მთავარია, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მოუვლელობაა. ამჟამად მიკროუბანი უზრუნველყოფილია წყალმომარაგების და საკანალიზიციო ქსელით, მაგრამ ორივე სახის ქსელების ჰერმეტულობა დარღვეულია და გამონადენი წყლის ზემოქმედების ქვეშაა უკლებლივ ყველა შენობა. ამ მიზეზით საძირკვლების მასალა განიცდის გამოფიტვას, ირღვევა კონსტრუქციის მთლიანობა და იწყება ჯდენის ინტესიური პროცესი. საძირკვლების შეჯდენასთან ერთად ადგილი აქვს მათ ცოცვას ფერდობის მიმართულებით და ეს ორი ფაქტორი განსაზღვრავს დაზიანებათა უმთავრეს ნაწილს. საძირკვლების შეჯდენებს თან სდევს კედლების დაბზარვა ფერდობის სწვრივად და კედლების თავისი სიბრტყიდან გამოსვლას (გადახრა) თუ ისინი ფერდობის ქანობის მართობულადაა (იზოჰიფერების პარალელურად) განლაგებული. ამითაა განპირობებული ზღუდარების დაზიანებები და ფანჯრების კუთხეებში დახრილი ბზარების გაჩენა.

შენობების დაზიანებები, ასევე, გამოწვეულია აგურის წყობის არასაკმაო სიმტკიცით, კერძოდ უმეტეს ნაგებობებში, დუღაბის შემადგენლობაში თითქმის არ არის კირი და შემკრავად გამოყენებულია თიხა-ქვიშის ნარევი. დროთა განმავლობაში დუღაბის სიმტკიცე კლებულობს შემკრავის აქტივობის დაქვეითებასთან ერთად. ამ პროცესს ხელს უწყობს აგრეთვე წყობის დანესტიანება, რომელიც წლების განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ატმოსფერული ნალექების და კაპილარული მოვლენების ზეგავლენით.

დაზიანებათა დიდი ნაწილი განპირობებულია შენობების დაფუძნებით ტერასულ ნაკვეთებზე, როდესაც ნახტომისებურად ხდება ერთი სართულიდან შემდგომზე გადასვლა. როგორც წესი გადასვლები უნდა მოხდეს საფეხურებად, რომელთა ქანობია 1:2. აღნიშნულის გამო ხშირია შემთხვევები, როდესაც კედლები განიცდის სხვადასხვა ინტენსივობის ჰორიზონტულ დაწოლას, იმის მიხედვით თუ როგორ გარემოშია განთავსებული შენობა. მაგალითად, ასკანის I ჩიხი N4-ში (17) მდებარე შენობის შემთხვევაში დაზიანებები გამოწვეულია გრუნტის ჰორიზონტული წნევით; გომის ქუჩაზე N2-ში (36) მდებარე შენობაზეც მკვეთრადაა გამოხატული ჰორიზონტული გადაადგილება. ამ შემთხვევაში შენობის წაცოცება ფერდობის პარალელურად გამოწვეულია გრუნტისა და საძირკვლის საკონტაქტო ზედაპირზე შეჭიდულობის შემცირებით; ქვემო გომის N6-ში (40) მდებარე შენობა, რომელიც ტერასულად არის გაშენებული, ფუძის არათანაბარი ჯდენის შედეგად, განიცდის დეფორმაციას კიბის უჯრედის მარცხნივ განთავსებულ ნაწილში.

უმძიმესი გავლენა იქონია ნაგებობების ფიზიკურ მდგომარეობაზე უკონტროლო გადაკეთებებმა. დროთა განმავლობაში შენობების არქიტექტურაში მობინადრეებს შეაქვთ ცვლილებები: იჭრება ფანჯრებისა და კარების ახალი ღიობები, ნიშები; ჩნდება ახალი მინაშენები ზოგჯერ აგურის კედლებით, ზოგჯერ მცირე ბლოკებით; ასეთებია მინაშენები ასკანის ქ. N10/1 (21); ასკანის I ჩიხი N10 (15); ასკანის ქ. N9/2 (22), რომლებიც ლითონის კარკასებზე არიან განლაგებული; გვხვდება მინაშენები მიწის დონეზე ასკანის ქ. N11 (24). უმძიმესი გადაკეთებები განუცდია გომის ქ. N2-ში მდებარე სახლს (36). მე-3 სართული გაგანიერებულია კროშტეინებზე, რომელთა საფუძველს ფასადზე მიბჯენილი პილასტრები წარმოადგენს და იმ კუთხეში, სადაც ქვემო გომის კიბე იწყება, შენობას ეკვრის მინაშენი ლითონის კარკასზე. ამით არ დასრულებულა შენობის გადაკეთება. ამავე კუთხეში დაშენებულია მე-4 სართული და მანსარდა. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ შენობა ცოცავს ფერდობზე და ვერტიკალური ბზარებით გამოყოფილია შუაკედლისები, ზღუდარები ჩატეხილია და საჭიროა მისი სასწრაფო რეკონსტრუქცია-გაძლიერება.

დაზიანებათა ზოგადი ჩამონათვალი არ იქნება სრული თუ არ აღვნიშნეთ მიშენებული ხის აივნების მძიმე მდგომარეობა: აივანთა კონსტრუქციული ელემენტების დაფოტრვა, დალპობა, გადახრები ვერტიკალური სიბრტყეებიდან და იატაკების დაქანება.

დაზიანებათა ზოგადი სურათის გათვალისწინებით შესაძლებელია შენობების დაზიანებათა კლასიფიკაცია (გეგმა 23). ტექნიკური მდგომარეობის მიხედვით შენობები განეკუთვნება შემდეგ კატეგორიებს:

I კატეგორია - შენობები, რომლებიც იმყოფება დამაკმაყოფილებელ ტექნიკურ მდგომარეობაში, აკმაყოფილებს საექსპლოატაციო მოთხოვნებს, მაგრამ განუცდიათ გვიანდელი გადაკეთებები: მიშენებული სათავსოები, ლოჯიები, აივნების შუშაბანდად გადაკეთები და ა. შ.

II კატეგორია - შენობის ხის მინაშენთა მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია: სვეტების გადახრა და დაჯდენა, სვეტების და კოჭების ნაწილობრივი გამოფიტვა; დაზიანებულია სახურავები: ნივნივების და დგარების გამოფიტვა, ბურვილის დაჟანგვა და დაცრეცა, შუაკედლისებში ზედა და ქვედა ჰორიზონტული ბზარების გაჩენა, ზღუდარების გამომყოფი ბეწვისებური ბზარები. შენობის საერთო დაზიანება 10%-მდე.

III კატეგორია - მიშენებული აივნების მძიმე დაზიანებები, აივნის იატაკების დახრა, სვეტების და კოჭების ხშირი გამოფიტვა; ბათქაშის განშრევება და დაბზარვა; ტიხრების დაბზარვა საკონტაქტო ზოლებში; აგურის წყობის შესუსტება: წყობის ნაკერებში დუღაბის ჩაღრმავება 1.5 სმ-მდე, ბზარები კედლებში 0.7 მმ და მეტი. შენობის საერთო დაზიანება 30%-მდე.

IV კატეგორია - საძირკვლების დაჯდენა და წაცოცება; გამჭოლი დახრილი ბზარები კედლებში, იგივე შუაკედლისებში; ბათქაშის მასობრივი ამოვარდნა; ზოგიერთი კუთხის და მზიდი კედლების გადაკვეთების გახსნა; შენობის მთელ სიმაღლეზე გამჭოლი ვერტიკალური ბზარები. შენობის საერთო დაზიანება 30-დან 50%-მდე.

V კატეგორია - საძირკვლის და სარდაფის კედლების მასობრივი დაზიანება; შუაკედლისების ჩაშლა; გადახურვების ჩაღუნვა; ზღუდარების ჩატეხვა-ჩამოვარდნა; კუთხეების და გადამკვეთი კედლების მასობრივი დაშორებები. შენობის საერთო დაზიანება 50-დან 70%-მდე და მეტიც.

შენობების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის შემდეგ ისინი შემდეგნაირად დაჯგუფდა:

I კატეგორია - 6 შენობა: 6, 18, 23, 28, 32, 33

II კატეგორია - 12 შენობა: - 5, 8, 10, 13, 14, 15, 24, 25, 26, 27, 35, 37

III კატეგორია - 11 შენობა: 2, 11, 12, 16, 21, 22, 30, 34, 40, 41, 42

IV კატეგორია - 4 შენობა: 1, 3-4, 20, 29, 36

V კატეგორია - 3 შენობა: 17, 19, 38

დანგრეულია - 2 შენობა: 31, 39.

V.2. რეკომენდაციები შენობათა აღდგენა-სარესტავრაციო სამუშაოების დაგეგმარებისათვის

ზემოთ აღნიშნული იყო ის ძირითადი დაზიანებები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კლდისუბნის განაშენიანების დღევანდელი სახე.

საქართველოში არსებობს ისტორიულ შენობათა რესტავრაციისა და კონსტრუქციული აღდგენის გამოცდილება. ამას უნდა დავურთოთ ბოლო წლების დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაზიანებული და ნგრევის ზღვარზე მისული შენობების გაძლიერებისა და აღდგენის აპრობირებული მეთოდები. აღნიშნული გამოცდილების მიუხედავად კლდისუბნის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მაინც განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. პირველ რიგში უნდა დაზუსტდეს შენობების მზიდუნარიანობის არსებული რესურსები. ამ მიზნით ლაბორატორიულად უნდა შევისწავლოთ აგურის, მცირე ბლოკების და, რაც უმთავრესია, დუღაბის შემადგენლობა. როგორც ზემოთ უკვე ითქვა დუღაბი, თიხის შემკვრელზეა დამზადებული, ამიტომ უნდა განისაზღვროს მისი სიმტკიცის ამაღლების ღონისძიება. საჭიროა გაირკვეს რა შემადგენლობის უნდა იყოს მაინიცირებელი ხსნარი: კირზე, ცემენტზე თუ პლასტიფიკატორულ დანამატებზე. სხვა მხრივ შეუძლებელი იქნება ავიცილოთ თავიდან შუაკედლისების და დარბაზული კედლების გაძლიერების გავრცელებული მეთოდები: დაარმირებული ტორკრეტდუღაბი, შემოსარტყვლა და ა. შ.

კვლევა-ძიება უნდა ჩატარდეს საძირკვლების მდგომარეობის შესასწავლად. ეს თითქმის ყველა შენობას შეეხება, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იქნას გამოკვლეული ნაგებობები: N1, 2, 16, 17, 19, 36, საძირკვლების გახსნით და მათი დაყრდნობა-დაფუძნების პირობების შესწავლით. აღნიშნული სამუშაო საშუალებას მოგვცემს დავამუშაოთ შენობების ფერდობებზე დამაგრების ტექნიკური გადაწყვეტა და, შეძლებისდაგვარად, მოხერხდეს მათი უნიფიცირება, ან წინააღმდეგ შემთხვევაში, გაირკვეს დიფერენცირების საზღვრები მდებარეობის, ტექნიკური მდგომარეობის, აღდგენის ღონისძიებათა ეკონომიკური და პრაქტიკული განხორციელების თვალსაზრისით.

შენობების ძირითად სამშვენისს წარმოადგენს ხის აივნების მხატვრული გადაწყვეტის ნაირსახეობა. თუმცა, ტექნიკური თვალსაზრისით, ისინი ადვილად ექვემდებარება კონსტრუქციული უნიფიკაციის მეთოდებს. ძირითად გადაწყვეტად მიღებულია მიშენებული ხის კარკასული სისტემები, 1.5÷2.4 მ-მდე მალებით და სვეტებს შორის 2.10÷3.0 მ-მდე ბიჯებით. ოსტატებს კარგად აქვთ დამუშავებული მზიდი კოჭების ჩამაგრება, რომლებიც ხშირად უერთდება გადახურვის კოჭებს ან ხის სარტყლებს, რომლებიც შეიძლება ქვის მასიურ კედლებში განვიხილოთ, როგორც ემპირიული ანტისეისმური ღონისძიებები, ისევ როგორც 25÷30 სმ სისქის კედლების ხის კარკასით შეიარაღება. აივნების სვეტები 15÷20 სმ კვადრატული კვეთის ელემენტებია, შეიძლება ითქვას, გაბედული სიდიდის თავისუფალი სიგრძეებით. საჭიროა აღინიშნოს, რომ სვეტების რიგი ფასადის პარალელურად შეკრულია გრძივებისა და კაპიტელის ფუნქციის მქონე კონსტრუქციული და ორნამენტული ელემენტებით. ეს გადაწყვეტა ფაქიზი საინჟინრო ინტუიციის გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ.

უკლებლივ ყველა შენობაში აივნების საექსპლოატაციო პირობების სიმძიმის გამო თუ ხანდაზმულობის გათვალისწინებით, ადგილი აქვს მათ დაქანებას ეზოების თუ ქუჩებისაკენ, ხის ელემენტების ლპობისა და დაფოტვრის შემთხვევებს. ამიტომ მთელი უბნის აივნები კაპიტალურად უნდა იქნას შეკეთებული. მხატვრული ელემენტები, რომლებიც ჯერჯერობით კიდევ აკმაყოფილებს სიმტკიცის მოთხოვნებს, უნდა გარესტავრირდეს და ხელახლა იქნას გამოყენებული, თუ არა, ახალი უნდა იქნას დამუშავებული.

შენობების რეკონსტრუქციის მეთოდების მცირე არსენალი, რომელიც ნახაზებზეა წარმოდგენილი, ითვალისწინებს შენობის მზიდ სისტემაში ფრთხილ ჩარევას, თუმცა, ბეტონისა და არმატურის გამოყენების აუცილებლობა თვალსაჩინოა. საძირკვლების გაძლიერება ნაჩვენებია სქემა N1 მაგალითზე, შეშენების მეთოდით, როგორც ერთერთი შესაძლო ვარიანტი. დაზიანებული და ჩამოშლილი კედლების და კედლის კუთხეების გამაგრებისათვის წყობიდან გამოსული ნაწილი უნდა მოიშალოს კედლის ჯანმრთელ უბნამდე და შემდეგ ხელახლა იქნეს ამოყვანილი (სქემა N2).

საყურადღებოა ბზარების ლიკვიდაციის და დაარმატურების დეტალები (სქემა N3). ყველა მოყვანილი გადაწყვეტა ტრივიალურად უნდა მივიჩნიოთ და მათ მხოლოდ მიმმართველის ფუნქცია უნდა მივუჩნიოთ შენობების რეკონსტრუქციის დეტალური პროექტების დამუშავებისას.

კედლების მზიდუნარიანობის შემასუსტებელი უმთავრესი ფაქტორია ატმოსფერული ნალექების და კაპილარული წყლების ცირკულაციის პრობლემა, რომლის გადაწყვეტის გარეშე, ნებისმიერი, გულდასმით შესრულებული რეკონსტრუქცია განწირულია სწრაფი განადგურებისათვის. საძირკვლების კვლევისას და, აგრეთვე, კლდოვან ქანებში შენობების ჩაშენების დეტალური შესწავლისას უნდა გამოიძებნოს ეფექტური ჰიდროსაიზოლაციო მასალები და წყლის მოშორების ეფექტური ტექნიკური გადაწყვეტა.

V.3. ეკონომიკური მოსაზრებები შენობების აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოთა წინასწარი განსჯისათვის

ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის დანერგვის შედეგად მოისპო რუსული დეფიციტების კლასიფიკაციაში მყოფი სამშენებლო მასალების (ნაგლინი ფოლადი, არმატურა, ცემენტი) კატეგორიები და, ამდენად, შენობის გეომეტრიული მოცულობები საკმაოდ საიმედო ორიენტაციას იძლევა დანახარჯების შეფასებისას.

რა თქმა უნდა მონაცემები, რომლებიც მოცემულია ცხრილის სახით მიახლოებითია და მას საფუძვლიანი ეკონომიკური გათვლების პრეტენზია არა აქვს, მაგრამ მისი მოყვანა აუცილებლად იქნა მიჩნეული.

მითითებულ შენობებზე გაანგარიშებულია კედლების, გადახურვების და მიშენებული აივნების მასალების მოცულობა, მათი საბაზრო ფასების და დამუშავების არსებული სახელფასო ღირებულებების გათვალისწინებით.

ხარჯთაღრიცხვა შედგენილია თითქოს ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობდეს დღეს, ხოლო შემდგომ, დაზიანების ხარისხის მიხედვით, განსაზღვრულია მისი აღდგენისათვის საჭირო მასალები ძველი მასალის ნაწილის გამოყენების მხედველობაში მიღებით; ხოლო ხელფასებში შეტანილია ნაგებობის დაზიანებული ნაწილების დაშლის სამუშაოთა ღირებულება.

შედეგები მოცემულია ცხრილში, ხოლო გაანგარიშებები ინახება პროექტის მასალებში.

ბარათის N

ობიექტის მისამართი

ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები

დაზიანების კატეგორია

შენობის, სამშენებლო ღირებულება თანამედროვე ფასებში

აღდგენა-რეკონსტრუქციის ღირებულება

შენი­შვნა

სართულები სარდაფის ჩათვლით

*) მოცულობა მ3

**) სასარგებლო ფართი მ2

საერთო (ლარი)

1 მ3/ლ

1 მ2/ლ

საერთო (ლარი)

1 მ3/ლ

1 მ2/ლ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

26

გომის ქ. N12

2

835.75

312.37

II

78,000.00

93.00

250.00

33,000.00

42.00

112.00

 

16

ასკანის I ჩიხი N8

3

1337.00

249.81

III

112,000.00

83.00

448.00

37,000.00

28.00

148.00

 

1

ბეთლემის აღმართი N4

3

4168.55

1356.78

IV

410,800.00

98.00

303.00

207,000.00

50.00

153.00

 

*) შენობის მოცულობა დათვლილია ჰორიზონტულ კვეთში აივნების ჩათვლით ყოველი სართულის დონეზე, მიწის ზევით და მიწის ქვევით, სართულის სიმაღლის გათვალისწინებით; სახურავის გეომეტრიული მოცულობა შედის საერთო მოცულობაში.

**) სასარგებლო ფართი გამოთვლილია სართულების შიდა გაბარიტების მიხედვით აივნების და კიბეების ჩათვლით.