VII. "შევსების დიზაინის" სახელმძღვანელო პრინციპები

ბეთლემის უბნის კონსერვაციის გეგმას თანდართული აქვს საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს მიერ შემუშავებული დებულება (დან. 1): "ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების დროებითი რეჟიმების შესახებ” (პარ.: 5 და 6). ამას გარდა, მოცემულია ამონარიდები 3 საერთაშორისო დოკუმენტიდან ("ვოშინგტონის ქარტია": ისტორიული ქალაქებისა და ურბანული ტერიტორიების კონსერვაცია, 1987 წ. (დან. 2); ბერნარ მ. ფილდენი და ჲუკკა ჲუკილეტო, მენეჯმენტის სახელმძღვანელო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებისათვის, 1998 წ. (დან. 3); ისტორიული ურბანული ანსამბლების დაცვა ცვლილებების ეპოქაში: მენეჯმენტის სახელმძღვანელო, მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქების საერთაშორისო სიმპოზიუმი, 1991 წ. (დან. 4), რომელიც ეხება ისტორიულ დასახლებებში ე.წ. "შევსების დიზაინის" (infill design), ანუ ისტორიულ დასახლებებში დაკარგული ისტორიული ნაგებობების ხარჯზე გამონთავისუფლებული ადგილების ახალი მოცულობებით შევსების დაგეგმარების სახელმძღვანელო პრინციპებს.

ზემოთნახსენებ დოკუმენტებში მოცემულია უძირითადესი პრინციპი ზოგადად ურბანული მემკვიდრეობის და თბილისის ისტორიულ ნაწილში "შევსების დიზაინის" სახელმძღვანელოდ. ბეთლემის უბნის კონსერვაციის გეგმის ფარგლებში დამუშავდა რეკომენდაციები ახალმშენებლობებისათვის, უბნის სპეციფიკის გათვალისწინებით და მნიშვნელოვანი თავისებურებების ხაზგასმით.

VII.1. "შევსების დიზაინის" სახელმძღვანელო პრინციპები ბეთლემის უბნისთვის

"შევსების დიზაინის" სახელმძღვანელო დამუშავებულია ბეთლემის უბანში XX ს.-ის II ნახევარში დანგრეული სახლების ადგილას ახალი ნაგებობების პროექტების დასამუშავებლად, ან იმ ნაგებობების ახლით შეცვლის მიზნით, რომელთა ახლით შეცვლაც დაშვებულია კონსერვაციის გეგმით.

გეგმა 10-ზე მიბმულია იმ ნაგებობათა საინფორმაციო ბაზა – გეგმების სქემატური ანაზომი, კვლევის შედეგად მოძიებული ფოტო და გრაფიკული მასალა - რომლებიც XX ს.-ის II ნახევარში დაინგრა, და მათი ტერიტორია დღემდე გამონთავისუფლებულია: ასკანის I ჩიხი N6 (7); ასკანის ქ. N3 (5); ასაკანის ქ. N5 (6); ბეთლემის ქ. N5 (4); ბეთლემის ქ. N9 (2); გომის ქ. N1 (3); ასათიანის I შესახვევი N12 (9). ეს მასალა უნდა გაანალიზდეს, ისე როგორც მთლიანად კონსერვაციის გეგმაში მოცემული ინფორმაცია ისტორიული გარემოს შესახებ, ახალი ნაგებობის პროექტის დამუშავების წინ. კვლევის შედეგად თავმოყრილი მასალა, რომელიც წარმოაჩენს ბეთლემის უბნის სივრცულ-გეგმარებით და მხატვრულ თავისებურებებს, არქიტექტორის დასაყრდენი უნდა გახდეს და მასთან შეთანხმებული ფორმების ძიებით, ან არსებულ ნიმუშებში გამოყენებული გადაწყვეტის შემოქმედებითი გადამუშავებით, იგი უნდა მივიდეს მისაღებ შედეგამდე. თანამედროვე ჩარევა არსებულ გარემოში შემავსებელი შტრიხი უნდა გახდეს და არა აქტიურად გამოხატული სიახლე.

ძირითადი მოთხოვნები:

ახალი შენობის სივრცულ-გეგმარებითი სტრუქტურა მაქსიმალურად უნდა პასუხობდეს აქ ადრე არსებული ისტორიული ნაგებობის სტრუქტურას
დაუშვებელია ორი ან მეტი საპროექტო მიწის ნაკვეთის გაერთიანება და ერთი მოცულობის დაპროექტება
ნაგებობას უნდა ჰქონდეს ეზო და იგი უნდა პასუხობდეს ადრე აქ არსებული, ან უბნისთვის დამახასიათებელი, ეზოს ტიპს.
დახურული ეზოს დაპროექტების შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს ბეთლემის უბანისთვის ტრადიციული ეზოს ორგანიზების ტიპები
საფასადო კედლებზე ღიობების მოწყობა, მათი პროპორცია, ფორმა უნდა პასუხობდეს უბანში ისტორიული სახლების ხასიათს და ფორმებს. არ შეიძლება უბნისთვის უცხო, აქტიური ფორმის გამოყენება
შენობა უნდა მთავრდებოდეს პარაპეტით ან სადა კარნიზით.
ცალკეულ შემთხვევებში ნაგებობას შეიძლება გაუკეთდეს მეზონინი. არ არის სასურველი მანსარდის სართულის მოწყობა.
შენობის ფენესტრაცია უნდა პასუხობდეს უბანში არსებული ისტორიული სახლების ფენესტრაციის ხასიათს, რომელიც ტრადიციული ან მასთან თავსებადი მხატვრული ხერხით უნდა იქნას მიღწეული. ის ფასადებიც კი, რომლებიც სადაა (როგორც წესი სამხრეთით) არ უნდა იყოს უმეტყველოდ ბრტყელი.
ნაგებობას სასურველია ჰქონდეს აივნების სისტემა. იგი უნდა პასუხობდეს უბნისთვის ტრადიციულ ხასიათს ურთიერთდამოკიდებულებისა – ქუჩა-აივანი-ეზო.
ნაგებობის გადახურვა უნდა იყოს ქანობიანი. დახრა უნდა პასუხობდეს უბანში არსებულ ტრადიციას – 15° - დან 40° - მდე. სახურავს შეიძლება გაუკეთდეს სამერცხული.
შეიძლება ტერასის მოწყობა. სასურველია ტერასა, ტრადიციისამებრ, ნაწილობრივ გადახურული იყოს.
ბრტყელი გადახურვის მოწყობის შემთხვევაში, ზედმიწევნით უნდა იქნას გააზრებული ნაგებობის ურთიერთმიმართება და ადგილი მიმდებარე განაშენიანებაში.
ნაგებობის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს აქ ადრე მდგარი შენობის ზედა ნიშნულს.
ღობის, ჭიშკრის, ალაყაფის მოწყობის შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს ბეთლემის უბანში არსებული ტრადიციული ტიპები ამ არქიტექტურული ფორმებისა.
პრინციპულია ძირითადი ტრადიციული სამშენებლო მასალის – აგური, ხე, გაჯი - გამოყენება ახალი ნაგებობების მშენებლობისას. რეკომენდაციები ახალმშენებლობებისთვის იხ. ქვემოთ (თავი VII.2.)
ნაგებობა შეიძლება იყოს შეულესავი აგურის. წყობაში შეიძლება ბუნებრივი ქვის გამოყენება. ბეთლემის უბანში არ შეიძლება ფასადის ქვით მოპირკეთება.
ფასადები შეიძლება შეილესოს, სასურველია ტრადიციული ან თავსებადი – მაქსიმალურად ბუნებრივი მასალით. არა არის სასურველი ცემენტის ხსნარის გამოყენება. დაუშვებელია ფასადის "შხეფით" დამუშავება.
აივნების კონსტრუქციისთვის უნდა გამოიყენებოდეს ხე ან ლითონი. ლითონის შეიძლება იყოს მცირე ზომის დაკიდული აივანი კრონშტეინებზე, ხოლო აივნების სისტემის (დაკიდული, დაყრდნობილი, შერეული), ან ლოჯიის მოწყობის შემთხვევაში, ხის კონსტრუქცია უნდა გამოიყენებოდეს. ფორმები უნდა იყოს სადა და თავიდან უნდა იყოს აცილებული დეკორის იმიტაცია.
გადახურვის საფარად შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრადიციულ ფრად შეღებილი თუნუქი ან კრამიტი.
VII.2. რეკომენდაციები ბეთლემის უბნის ახალმშენებლობისათვის

კლდისუბნის განაშენიანების მხატვრული ღირებულებების გათვალისწინებით მისი განახლებისას უპირატესობა უნდა მიეცეს ტრადიციული, ქ. თბილისის მშენებლობაში საუკუნეებით აპრობირებული მასალების და მეთოდების გამოყენებას, ცხადია, სეისმომედეგი მშენებლობის თანამედროვე გამოცდილებაზე და ქვეყანაში მოქმედ ნორმატიულ მოთხოვნებზე დაყრდნობით.

ძირითად საამშენებლო მასალად ძველ თბილისში მიღებული იყო: ადრე – ე.წ. ქართული და შემდგომ-რუსული აგური. საბჭოთა ნორმები აგურს, მცირე ბლოკებს და ბუნებრივ ქვებს მიაკუთვნებდნენ ადგილობრივ სამშენებლო მასალებს და აღნიშნულის გათვალისწინებით ყოველმხრივ ხელს უშლიდნენ მათ მშენებლობაში დანერგვას. სანაცვლოდ გამოყენებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ ინდუსტრიური მშენებლობის ნაკეთობები: ბლოკები, პანელები და გადახურვის ღრუტანიანი ფილები. საბედნიეროდ დღეისათვის ეს შეზღუდვები აღარ არსებობს და ნებისმიერ სამშენებლო მასალას აქვს გამოყენების საკუთარი სფერო.

ამჟამად თბილისში მიმდინარე მშენებლობებზე მასობრივი გავრცელება ჰპოვა მონოლითურმა კარკასმა აგურის შევსებით, რომელიც მაღალი სიმტკიცით გამოირჩევა სეისმური დატვირთვების მიმართ, მაგრამ უნდა ავღნიშნოთ, რომ შენობის 5-7 სართულიანობის შემთხვევაში აგურის ნაკეთობები არავითარ დამატებით ღონისძიებებს არ საჭიროებენ სეისმომედეგობის თვალსაზრისით. სარტყლები, კედლების გადაკვეთის ჰორიზონტალური დაარმატურება და სათანადო სიმტკიცის წყობა ერთობლივად საიმედოდ უზრუნველყოფენ შენობების სეისმომედეგობას მით უმეტეს მისი სიმაღლის 3-5 სართულით შემოფარგვლის შემთხვევაში. არანაკლებ მნიშვნელოვანია ასეთი ტექნიკური გადაწყვეტების ეკონომიკური ეფექტურობა.

წინამდებარე რეკომენდაციების მიზანია დამკვეთსა და მშენებლებს ერთგვარი საორიენტაციო გეზი მისცეს კონსტრუქციებისა და შენობის გეგმარებითი პარამეტრების არჩევისას.

სათავსების შემომფარგვლელი კედლების სისქე, მათი თბოსაიზოლაციო თვისებების გათვალისწინებით, აგურის წყობის შემთხვევაში მინიმალურად 38 სმ-ს უნდა შეადგენდეს. კედლის წყობისათვის მცირე ბლოკების გამოყენების შემთხვევაში, მათი მოცულობითი წონა არ უნდა აღემატებოდეს 1,4-1,6 ტ/მ; ამ შემთხვევაშიც, კედლის სისქე 40 სმ ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. თანამედროვე ეფექტური მასალების გამოყენებით, გარეთა კედლებს მხოლოდ შემომფარგვლელის ფუნქცია თუ ექნება, მისი სისქე 12-18 სმ-იც შეიძლება იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, გაანგარიშების მიხედვით, აუცილებელი გახდება თუნდაც ხის კარკასის მოწყობა დაახლოებით ისე, როგორც ეს კ-1 ტაბულაზეა მოცემული.

კედლების და, ზოგადად, შენობის მდგრადობას სეისმურ დატვირთვებზე დიდად უწყობს ხელს ჰორიზონტალური დიაფრაგმები, რომლებიც უნდა შეიქმნას გადახურვის კოჭების და სარტყლების ერთიან სისტემაში გაერთიანების მეშვეობით. კარკასული შენობის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა კარკასი ხის, რკინაბეტონის თუ ლითონის ელემენტებისაგანაა შედგენილი, ჰორიზონტალური დიაფრაგმები ბუნებრივად იქმნება. კედლების ქვის წყობით განხორციელებისას, თუ სართულშუა გადახურვები მონოლითურია, სარტყელის მოწყობა საჭირო არ არის. როდესაც გადახურვები ხის კოჭებზე იმართება, და მონოლითური რკინაბეტონის სარტყლის მოწყობა რაიმე თვალსაზრისით გაუმართლებელია, სარტყლები შეიძლება შეიქმნას წყობის დაარმატურებით ჰორიზონტალურ სიბრტყეში იმის მსგავსად, როგორც ეს კედლების გადაკვეთების დეტალზეა ნაჩვენები იმ განსხვავებით, რომ დაარმატურება გავრცელდება შენობის მთელ პერიმეტრზე.

ქართველი მშენებლები ტრადიციულად დიდ ყურადღებას უთმობენ წყობის გაძლიერებას კედლების გადაკვეთაში და აგურით მშენებლობისას სწორად გათლილ ქვებს აწყობდნენ კუთხეებში. ეს ტრადიციული გადაწყვეტა ყურადსაღებია და მიზანშეწონილია კედლების გადაკვეთების ბერძნული ალფაბეტის "Г" და "T" ასოებთან მსგავსების შემთხვევაში, მათი დაარმატურება მოხდეს ჰორიზონტალურად განლაგებული კარკასებით, როგორც ეს ნაჩვენებია კ-2 ტაბულაზე.

შენობის დაპროექტებისას ფრიად მნიშვნელოვანია კედლების შემადგენელი ღიობების და შუაკედლების ზომების შერჩევა. ღიობების სიდიდე განისაზღვრება ზღუდარების მზიდუნარიანობის გათვალისწინებით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მისი მალის ზომა რეგლამენტირებულია ნორმებით.

ზღუდარები შეიძლება მოეწყოს:

ცალფად დაარმატურებული ხსნარით წყობის რიგების დაურღვევლად;
ხის ზღუდარებით;
სოლისებური წყობით;
თაღისებური ზღუდარით როგორც ეს კ-3 ტაბულაზეა ნაჩვენები.
სოლისებური და თაღოვანი ზღუდარების შემთხვევაში საჭიროა კუთხის შუაკედლისი შემოწმდეს წრის პირობიდან განმბჯენის მისაღებად.

აღნიშნულ ტექნიკურ ღონისძიებებთან ერთად, ქვის წყობის სიმტკიცეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს შენობის სეისმომედეგობის უზრუნველსაყოფად; ამიტომ სეისმურ რაიონებში რეკომენდირებულია აგურის მარკა აღემატებოდეს "75"-ს ხოლო დუღაბის სიმტკიცე არ უნდა იყოს "50"-ზე ნაკლები.

ამასთან ერთად, რეკომენდებულია დუღაბის ცემენტით და პლასტიფიცირებული დანამატით დამზადება, რისთვისაც გამოყენებულ უნდა იქნას ჩამქრალი კირი. ნარევი უნდა დამზადდეს 1:1:3 მოცულობითი პროპორციით.

აღნიშნული რეკომენდაციები არ გამორიცხავს მთლიანად შენობის და მისი ელემენტების გაანგარიშების აუცილებლობას კონკრეტულ შემთხვევაში.

VII.3. ისტორიული ნაგებობების და ფრაგმენტების რეკონსტრუქცია

გომის ქ. N1 (III)

1990-იან წწ-ში დანგრეული საცხოვრებელი სახლი გომის ქ. N1 (III), ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაკლისია ბეთლემის უბნისთვის. ტრაპეციასთან მიახლოებული პლასტიური ფორმის მიწის ნაკვეთი ოთხი გზის შესაყართან, დამრეც რელიფზე მდებარეობს. აქ ადრე მდგომი ნაგებობა თვალსაჩინო ნიმუში იყო არქიტექტურული მოცულობის კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე და რთულ რელიეფზე შემოქმედებითი მორგებისა. სახლი ისე იყო დაპროექტებული, რომ ბეთლემისა და გომის ქუჩების გადაკვეთის ისტორიულად ჩამოყალიბებული მრუდის ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა გომის ქუჩისა და ასკანის II შესახვევის პერსპექტივის და ბეთლემის უბნის ამ მონაკვეთის პლასტიკისა და დინამიკის შექმნაში. მისი სივრცულ-გეგმარებითი კომპოზიციის ღერძს მძლავრი გალავნის ორი მკლავის შეხვედრის ადგილას აღმართული ფართო თაღოვანი კარიბჭე წარმოადგენდა. ეზოსა და ჩრდილოეთის ფასადები აივნების სისტემით იყო გაფორმებული, რომელიც ეზოს მხარეს ადრე სადა არქიტრავული კომპოზიციისა იყო, ხოლო მოგვიანებით ჭვირული ორნამენტული დეკორით შეიცვალა. გომის ქუჩაზე გამავალი, უბნისთვის დამახასიათებელი სადა უკანა ფასადი, ერთგვარ კომპოზიციურ ღერძს წარმოადგენდა გომის ქ. 5/12–ის არასიმეტრიული მოცულობისთვის, რომლის ბრტყელი, ჩაკვეთილი ფასადის მხარე სწორედ გომის 1-ის უკანა ფასადის ხაზს ემთხვეოდა (იხ. ფოტოები). ეს ნაგებობა ბეთლემის უბნის ერთ-ერთი მცირე ანსამბლის – A შენობათა ჯგუფის ორგანული ნაწილს წარმოადგენდა.

© მაია მანია. 1989

© მანანა სურამელაშვილი. 2004

© მაია მანია. 1990

© ე. მახათელაშვილი. 2004

ამ მონაკვეთის სივრცულ-გეგმარებითი კომპოზიციის აღდგენა ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის ერთ-ერთ ურთულეს ამოცანას წარმოადგენს. დაუშვებელია შეცდომის დაშვება. ამიტომ კონსერვაციის გეგმა რეკომენდაციას უწევს 1990-იან წწ.-ში დანგრეული გომის ქ. N1 საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციას.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ნაგებობის არქეოლოგიური ანაზომი, კვლევის შედეგად მოძიებულია გეგმების სქემატური ანაზომები, საარქივო ფოტო და გრაფიკული მასალა, (იხ. (III) საინფორმაციო ბანკი) რაც საშუალებას იძლევა, შესაბამისი დამატებითი ანალიტიკური სამუშაოს ჩატარების შემდეგ, დამუშავდეს რეკონსტრუქციის პროექტი. იგი მიზნად უნდა ისახავდეს ნაგებობის სივრცულ-გეგმარებით აღდგენას, გაბარიტებისა და კონფიგურაციის სრული დაცვით; ფასადების მხატვრული გადაწყვეტის აღდგენას; აუცილებელია განხორციელებისას გამოყენებულ იქნას ტრადიციული სამშენებლო მასალა და მაქსიმალურად დაცული იქნას ტრადიციული მშენებლობის მეთოდი.

ასკანის I ჩიხი N6

ასკანის I ჩიხი N6 (VII) საცხოვრებელი სახლი 1970-იან წწ-ში იქნა დანგრეული. იგი, ფაქტიურად, ორი ნაგებობისაგან შესდგებოდა. დღეს მისი ტერიტორია ცარიელია. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ტერიტორია ბეთლემის უბნის ყველაზე მეტად შელახული მონაკვეთის – ასკანის I ჩიხს, ასკანის ქუჩასა და ასკანის II ჩიხს შორის არსებული ცარიელი ადგილი – შემადგენელი ნაწილია, სადაც ფაქტიურად ოთხი ახალი მოცულობა უნდა აშენდეს, კონსერვაციის გეგმა რეკომენდაციას უწევს ასკანის I ჩიხისკენ გამომავალი ფასადის რეკონსტრუქციას.

© მაია მანია. 1990

© ე. მახათელაშვილი. 2004


© ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმის ფოტოარქივიდან

© ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმის ფოტოარქივიდან

ასკანის I ჩიხი N6 საცხოვრებელი სახლი რთულ რელიეფზე განთავსებული, ბეთლემის უბნისთვის დამახასიათებელი სივრცულ-გეგმარებითი გადაწყვეტის ნაგებობა იყო. მას ჰქონდა დახურული შიდა ეზო, სადაც ფასადები აივნების სისტემით იყო დამუშავებული; ასკანის I ჩიხში გამომავალი პარადული ფასადი შესანიშნავი ჭვირული დეკორით შემკული ხის დაკიდული აივნით იყო გაფორმებული; არსებული ტრადიციისამებრ, მისი უკანა, ასკანის II ჩიხში გამავალი, სამხრეთის ფასადი სადა ღიობებით იქნებოდა დანაწევრებული.

იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს დანგრეული სახლის გეგმის ანაზომი (იხ. საინფორმაციო ბაზა VII), რაც განსაზღვრავს დასაპროექტებელი ნაგებობის სივრცულ-გეგმარების ხასიათს და, საბედნიეროდ, მოპოვებულია აკანის I ჩიხში გამომავალი დაკიდული ხის აივნიანი ფასადის ფოტო- დოკუმენტაცია, სასურველია პროექტის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნას ასკანის I ჩიხში გამომავალი ფასადის რეკონსტრუქცია. საპროექტო წინადადების მსგავსი გადაწყვეტა განსაკუთრებით შემოქმედებით და ტაქტიან მიდგომას მოითხოვს, რათა რეკონსტრუირებული ფასადი ორგანულად შეერწყას ახალი ნაგებობას.