ბეთლემის უბნის კონსერვაციის გეგმა – ჩარევის სახელმძღვანელო პრინციპები

წინათქმა

ბეთლემის უბნის კონსერვაციის გეგმა – ჩარევის სახელმძღვანელო პრინციპები წარმოადგენს ურბანული კონსერვაციის საყოველთაოდ მიღებული მეთოდოლო­გიის შესაბამისად მომზადებულ სახელმძღვანელო დოკუმენტს, რომელიც მიზ­ნად ისახავს ისტორიული უბნის დასაცავ ფასეულობათა შესახებ საბაზისო ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასა და პირს, რათა თავიდან იქნას აცილებული თბილისის ამ ერთ-ერთ უძველეს უბანში უხეში და არაადექვატური ჩარევა. გარდა ამისა, ამ დოკუმენტმა ხელი უნდა შეუწყოს უბ­ნის რევიტალიზაციას, რადგან შეიცავს იმ აუცილებელ ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება მეთოდოლოგიურად სწორი ღონისძიებები.

დოკუმენტი განკუთვნილია ქ. თბილისის მუნიციპალური სამსახურების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისა და ექსპერტებისთვის, არქიტექტორებისათვის, ინვესტორებისათვის და უბნის მაცხოვრებელთა და ფართო საზოგადოებისათვის.

დოკუმენტის მართვა

ბეთლემის უბნის კონსერვაციის გეგმა – ჩარევის სახელმძღვანელო პრინციპები მუდმივად განახლებადი დოკუმენტია, ბეთლემის უბანში პროცესების განვითარების კვალად, მასში შესაბამისი ცვლილებები უნდა აისახოს. გარდა ამისა, დოკუმენტში უნდა აისახოს კონსერვაციის დარგის განვითარებით განპირობებული ცვლილებები მეთოდოლოგიურ მიდგომაში. მეორეს მხრივ, ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომი და ადვილად გამოყენებადი უნდა იყოს საზოგადოების ფართო წრეებისთვის.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, საბაზისოა დოკუმენტის ელექტრონული ვერსია, რომელიც განთავსდება ვებ გვერდზე. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება, როგორც მთელი დოკუმენტის, მისი მისი ნაწილების, გადმოტვირთვა.  ყოველი ახალი ინფორმაციის შეტანის შემდეგ, ვებ გვერდზე გამოქვეყნდება შესაბამისი მითითება, დოკუმენტის განახლების თარიღისა და წყაროს მითითებით.

გარკვეული დროით დოკუმენტი განთავსდება ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის (ICOMOS საქართველო) ვებ “საიტზე”, ხოლო 2005 წ-დან, განსაზღვრულია ბეთლემის უბნის ვებ გვერდის გახსნა. ამ 'საიტის' მომსახურებას აწარმოებს ICOMOS საქრთველო, როგორც მის ხელთა  არსებული მასალის, ისე სხვადასხვა წყაროდა მიწოდებული მასალის საფუძველზე. როგორც კი დაფუძნდება თბილისის ისტორიული ნაწილის ერთიანი საინფორმაციო ბანკი და მისი მართვის უზრუნველმყოფელი სააგენტო, ტექნიკური შესაძლებლობების შესაბამისად, დოკუმეტი ინტეგრირებული იქნება ამ ბანკში.

დოკუმენტის შემადგენლობა და მისი გამოყენება

დოკუმენტი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან:

1. მთლიანად უბნის დასაცავი ფასეულობების ანალიზი და ჩარევის ზოგადი მეთოდოლოგია;

2. ცალკეული ნაგებობების საინფორმაციო ბაზა – დასაცავი ფასეულობები, კონსერვაციული მიდგომა, ფიზიკური მდგომარეობის შეფასება, ანაზომი, ფოტო დოკუმენტაცია.

პირველი, ზოგადი, ნაწილი შედგება შვიდი თავის და ქვეთავებისგან. მათი გაცნობა შეიძლება სარჩევიდან შესაბამისი ბმის მეშვეობით. ზოგად ნაწილში გამოყენებული საილუსტრაციო მასალა, ასევე, ხელმისაწვდომია ტექსტში აღნიშნული ბმის საშუალებით. ბმის არსებობას აღნიშნავს ლურჯი ფერით გამოყოფილი და ქვეშ ხაზგასმული ციფრები, სიყვები ან ფრაზები.

ეს საილუსტრაციო მასალაა – თემატურად დამუავებული რუქები, ისტორიული და თანამედროვე ფოტოები, გრაფიკული მასალა და ა.შ. ფოტო და გრაფიკული მასალა ჩართულია ტექსტში შემცირებული ზომით და მისი სრულყოფილი სახით ნახვა შესაძლებელია ბმის მეშვეობით. ფოტ და გრაფიკული მასალის მეორე ნაწილი უშუალოდ ებმის ტექსტს.

სარჩევის გარდა, ცალკეული ნაგებობების საინფორმაციო ბაზა ხელმისწვდომია ძირითადი ტექსტიდანაც შესაბამისი მბის მეშვეობით. გეგმა 1 და გეგმა 10-ის საბაზისო გეგმებია, რომელთაც ებმის ცალკეული ნაგებობის საინფორმაციო ბაზა. ამასთანავე, ძირითად ტექსტში, ყოველ მოხსენიებულ ნაგებობას ახლავს გეგმაზე მისი მდებარეობის აღმნიშვნელი ნომერი, რომელიც არის მაკავშირებელი ბმა კონკრეტულ ნაგებობის საინფორმაციო ბაზასთან.

რაც შეეხება ცალკეული ნაგებობების საინფორმაციო ბაზას, ყოველი ნაგებობის შემთხვევაში, იგი შედგება ძირითადი ინფორმაციის გვერდისაგან, რომელზეც განთავსებულია სარჩევი:

1. დასაცავი ფასეულობანი და ჩარევის სახელმძღვანელო პრინციპები (კონსერვაციული მიდგომა);

2. ფიზიკური მდგომარეობის ტექნიკური შეფასება;

3. ანაზომები;

4. ფოტო დოკუმენტაცია. ნაგებობის სპეციფიკად გამომდინარე, შეიძლება ამ კომპონენტთაგან რომელიმე არ იყოს შეტანილი საინფორმაციო ბაზაში.

განსხვავებულია გეგმა 10-თან მიბმული, ამჟამად დანგრეულ ნაგებობათა საინფორმაციო ბაზები. ისინი ადვილად განსხვავებისთვის აღნიშნულია რომაული ციფრებით. აქ, ძირითადად, განთავსებულია მოპოვებული ანაზომები თბილისის ტექნიკური ბიუროს არქივიდან ან სხვა წყაროდან და ფოტო მასალა. ტექსტი ახლავს მხოლოდ იმ ნაგებობების საინფორმაციო ბაზას, რომლებსაც, მათი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, კონსერვაციის გეგმა განსაზღვრავს, როგორც რეკონსტრუქციის ობიექტს.