დანართი 1

 

დებულება

ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების დროებითი რეჟიმის შესახებ

 

1. ზოგადი დებულებები

 

1. ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის დაცვითი ზონების ფარგლებში ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან 18 თვის ვადით შემოღებულია განაშენიანების რეგულირების დროებითი რეჟიმი.

2. დროებითი რეჟიმის მიზანია ძველი თბილისის რეაბილიტაციის სტრატეგიული გეგმის შედგენამდე, ქალაქის ისტორიული ნაწილის კომპლექსური კვლევის საფუძველზე მარეგლამენტირებელი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ შორის, ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესაბამისი უფლებრივი ზონირების რუკების დამტკიცებამდე, სხვადასხვა ტიპის ჩარევებისათვის სახელმძღვანელო პრინციპების დადგენამდე, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს მახასიათებლების მაქსიმალური შენარჩუნება შესაბამისი შეზღუდვებისა და რეკომენდაციების მეშვეობით.

3. გეგმარებითი შეზღუდვების და რეკომენდაციების მიზანია განემარტოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ის მოთხოვნები, რომელიც უნდა იყოს მიღებული მხედველობაში ისტორიული ნაწილის დაცვის ზონებში შენობების დაპროექტების დროს. ქვემოდმოყვანილი მოთხოვნები და რეკომენდაციები ეხება მხოლოდ ახალმშენებლობებს და არ ვრცელდება იმ შენობებზე, რომელსაც გააჩნია ძეგლის ან ძეგლის ნიშნის მქონე შენობის სტატუსი.

4. დროებით რეჟიმში ცვლილებები შეტანილი იქნება შესაბამისი მარეგლამენტირებელი დოკუმენტების დამტიცებისთანავე.

5. დროებითი რეჟიმის მოქმედების დროს უპირატესობა მიენიჭება ქ. თბილისის დამცავ ზონებში არსებულ შენობა-ნაგებობებზე ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ,, საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონსერვაციის, რესტავრაციის, რეკონსტრუქციისა და ადაპტაციის სამუშაოების განხორციელებას.

6. დროებითი რეჟიმი ვრცელდება საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1985 წ. 29 იანვრის N76 დადგენილებით, საქართველოს კულტურის სამინისტროს 2003 წლის 5 მაისის N397 ბრძანებით და საქართველოს ურბანიზაციის და მშენებლობის სამინისტროს N13 ბრძანებით განსაზღვრული თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში, განაშენიანების რეგულირებისა და ბუნებრივი ლანდშაფტის, არქეოლოგიური დაცვის ზონების დადგენილ ფარგლებში, საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1985 წ. 29 იანვრის N76 დადგენილებით დამტკიცებული დებულებების შესაბამისად.

7. ქ. თბილისის დაცვითი ზონების ფარგლებში, ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უწყებებთან ერთად, ითანხმებს ქალაქმშენებლობით დოკუმენტაციასა და არქიტექტურულ პროექტებს და გასცემს ნებართვებს მშენებლობაზე კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს მიერ საპროექტო წინადადებაზე სათანადო რეკომენდაციის, ქალაქმშენებლობით დოკუმენტაციაზე და არქიტექტურულ პროექტზე დადებითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში.

 

2. დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში ისტორიული ნაწილის დაცვით ზონებში დასაშვები ახალმშენებლობის ობიექტების ნუსხა

 

1. დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში ისტორიული ნაწილის დაცვით ზონებში დასაშვები ახალმშენებლობის ობიექტების რიცხვში შედიან:

ა. განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები;

ბ. შენობა-ნაგებობები, რომლებიც ენაცვლება მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ, ისტორიულ და მხატვრულ ღირებულებას მოკლებულ შენობებს (შენობები, რომელიც შესაბამისი დასკვნის საფუძველზე არ ექვემდებარება აღდგენას), აგრეთვე ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელებს და ნაგებობებს;

გ. შენობა-ნაგებობანი, რომლებმაც უნდა გააუმჯობესონ დეგრადირებული ურბანული ქსოვილი (შეავსონ ისტორიულ განაშენიანებაში ნგრევის შედეგად გაჩენილი სიცარიელეები, შეცვალონ ღირებულ შენობებს შორის მოქცეული გვიანი, არაღირებული ნაგებობები და სხვა);

დ. საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობები, რომლებიც ექვემდებარებიან ამ დადგენილებაში მოყვანილ გეგმარებით შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს (იხილე დანართის პ.4 და 5);

2. დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში თვითოეული ზემოჩამოთვლილი კატეგორიის ობიექტის საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს წინასაპროექტო ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის ნაწილს.

 

3. ურბანული მემკვიდრეობის დაცვის მოთხოვნების გათვალისწინება ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციაში

 

1. დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში ქალაქის ისტორიული ნაწილის დაცვითი ზონების ფარგლებში შესაძლებელია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ინსტანციებთან შეთანხმებით მიღებულ იქნას რეალიზაციისათვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტები (დეტალური დაგეგმარების პროექტები, უფლებროვი ზონირების რუკები, განაშენიანების პროექტები).

2. განაშენიანების პროექტის შედგენის, განხილვის და შეთანხმების წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. ქალაქის ისტორიული ნაწილისთვის შესრულებულ განაშენიანების პროექტს ემატება საპროექტო ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის ნაწილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საყრდენი გეგმა.

3. ურბანული მემკვიდრეობის დაცვის საყრდენი გეგმა (განმარტებითი ბარათი და გრაფიკული ნაწილი) ასახავს: კულტურული ფენების და არქეოლოგიური კვლევის ზონების დისლოკაციას, არქიტექტურის, კულტურის, ისტორიის და ბუნების ძეგლებს და მათი დამცავი ზონების საზღვრებს, ძეგლის და ძეგლის ნიშნის მქონე შენობებს, განაშენიანების ქრონოლოგიურ განვითარებას, ისტორიული განაშენიანების სივრცით სტრუქტურას, ამ სტრუქტურის ელემენტების იერარქიას, კომპოზიციური დომინანტების და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ვიზუალური აღქმის ხედებს, პანორამებს, ისტორიულ ლანდშაფტებს, არახელსაყრელ ჰიდრო - და გეოლოგიურ პირობებს, ისტორიული ზონისათვის შეუსაბამო შენობა-ნაგებობებს, ასაღებ ავარიულ, ამორტიზებულ და არაღირებულ ფონდს, საარქივო და ბიბლიოგრაფიული კვლევის მასალებს, ნატურული დაკვირვების და ფოტოფიქსაციის მასალას, ძეგლების და ძეგლის ნიშნის მქონე შენობების აზომვით ნახაზებს (გეგმები, ფასადები, ჭრილები, არქიტექტურული დეტალები); საპროექტო ტერიტორიის განაშენიანების დათარიღებას, ფიზიკურ მდგომარეობას, კონსტრუქციულ მდგრადობას, სართულიანობას, ფუნქციას და ა.შ; ისტორიული განაშენიანების მორFფოლოგიურ და სტრუქტურულ ანალიზს, მხატვრული ღირებულების შეფასებას.

 

4. სატრანსპორტო კომუნიკაციები და საინჟინრო ქსელები

 

1. დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში აუცილებელ პირობად იქნას მიღებული, რომ თბილისის ისტორიული ნაწილის დაცვის ზონებში ქუჩათა ქსელის, როგორც ურბანული ძეგლის, შეცვლა, გაფართოება, ნიშნულების ამაღლება ან დაწევა და სხვა ცვლილება დაუშვებელია. ასეთი ცვლილება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი გეგმარებითი დასაბუთების საფუძველზე. ქალაქგეგმარებითი პოლიტიკა და მართვის პრინციპები დაცვის ზონებში მიმართულ იქნას სატრანსპორტო ნაკადების მიზანდასახულ და გეგმაზომიერ შემცირებაზე.

2. საინჟინრო ქსელების მდგომარეობის შეფასება, რეაბილიტაცია და განახლება უნდა იქცეს ყოველი საპროექტო დოკუმენტაციის აუცილებელ ნაწილად. დროებითი რეჟიმის მოქმედების ვადებში დადგინდეს: თუ ახალი სამშენებლო მოცულობა ითხოვს მაგისტრალური საინჟინრო კომუნიკაციების გამტარუნარიანობის ან ტევადობის ზრდას, ამ ზრდისათვის საჭირო ხარჯები დადგენილი წესით უნდა გაიღოს შესაბამისმა მენაშენემ ან ინვესტორმა. ქალაქის მთავრობის შესაბამისმა სამსახურებმა უნდა დროულად გასცენ ტექნიკური პირობები და შეასრულონ მათ მიერ საინჟინრო კომუნიკაციების განახლებისათვის აღებული ვალდებულებები პრიორიტეტულად ისტორიული ნაწილის ფარგლებში.

 

5. მოთხოვნები ახალმშენებარე ობიექტების ზოგადი გეგმარებითი გაბარიტების მიმართ

 

1. დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში ობიექტების (საცხოვრებელი სახლები და მათთან ტიპოლოგიურად შეთავსებადი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები) ყველა საკადასტრო ერთეულისათვის ძირითადი გეგმარებითი შეზღუდვის სახით დადგინდეს შენობის სართულიანობა და ნაკვეთის განაშენიანების პროცენტი.

2. მიღებულ იქნას ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვითი ზონისა და განაშენიანების რეგულირების ზონის საზღვრებში მაქსიმალური სართულიანობა 3-4 სართული, მანსარდის ჩათვლით. ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმუმი, როგორც წესი, შეადგენს 60 პროცენტს. ამასთან ერთად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საპროექტო შენობის სართულიანობა და განაშენიანების პროცენტი განისაზღვრება საპროექტო ნაკვეთის ირგვლივ ისტორიულად ჩამოყალიბებულ შენობათა სართულიანობის, სიმაღლის, ქუჩის სიგანის, განაშენიანების მასშტაბის და მორფოლოგიის მაჩვენებლების საფუძველზე, არქიტექტურული და ლანდშაფტური გარემოს გათვალისწინებით.

3. ისტორიული ნაწილის დაცვითი ზონისა და განაშენიანების რეგულირების ზონის საზღვრებში შენობის სართულის საშუალო სიმაღლე განისაზღვრება 3.30 მეტრით იატაკიდან იატაკამდე. მანსარდის მაქსიმალური სიმაღლე, როგორც წესი, განისაზღვრება 3.60 მეტრით იატაკიდან სახურავის კეხის ზედა ნიშნულამდე, ხოლო მანსარდის მაქსიმალური სიმაღლე შენობის გარე კონტურზე იატაკიდან სახურავის ზედა ნიშნულამდე - 2.40 მეტრით. ამ ორ წერტილს შორის სახურავის პროფილი სასურველია იყოს სწორხაზოვანი.

4. არაექსპლუატირებადი (ცივი) სხვენის სახურავის დახრის საშუალო კუთხე 30 გრადუსი. სხვენის სიმაღლე ზედა სართულის გადახურვის ზედა ნიშნულიდან სახურავის კეხის ზედა ნიშნულამდე შეადგენს საორიენტაციოდ 3.40 მეტრს. ბრტყელი სახურავების მოწყობა შენობის მთელ პერიმეტრზე მიზანშეწონილი არ არის.

5. რთულ რელიეფზე განლაგებული შენობის პირველი სართულის იატაკის ნიშნულის დაშორება შენობის გარე კონტურზე განლაგებული საპროექტო ტერიტორიის ყველაზე მაღალ (სარინელის) ნიშნულამდე, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 0.60 მეტრს.

6. შენობის მიწისქვეშა დონეზე განლაგებულ ავტოსადგომებში ჩასასვლელი პანდუსები, ობიექტის განთავსების სპეციფიკის გათვალისწინებით, უნდა მოეწყოს ნაკვეთის სიღრმეში ან ეზოს ტერიტორიაზე.

7. ყველა ახალმშენებარე ობიექტი და საპროექტო ტერიტორია უნდა იყოს აღჭურვილი ინვალიდებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის კანონით გათვალისწინებული მოწყობილობებით და შებამისი გაბარიტების მქონე სათავსოებით.

 

6. არქიტექტურულ-გეგმარებითი რეკომენდაციები ისტორიული ნაწილის ფარგლებში ახლადასაშენებელი ობიეტებისათვის

 

1. ახალი შენობის კონფიგურაცია და გეგმარებითი სტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს იმ უბნის, კვარტლის თუ ქუჩის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტიპს, რომელშიც მდებარეობს საპროექტო ნაკვეთი. შენობა ორგანულად უნდა ეწერებოდეს განაშენიანების ტრადიციულ ფორმებში, არ უპირისპირდებოდეს განაშენიანების არსებულ მორფოლოგიას, მასშტაბს და მიმდებარე განაშენიანებაში არსებული შენობების გაბარიტებს.

2. საპროექტო შენობას, როგორც წესი, უნდა გააჩნდეს ეზო, როგორც მისი სტრუქტურის სრულყოფილი გეგმარებითი ელემენტი, დატვირთული იმ სპეციფიური ფუნქციებით, რომელიც დღესაც დამახასიათებელია ძველი თბილისური ეზოებისათვის. ეზოს და სახლის ურთიერთგანლაგება, კონფიგურაცია და პროპორციები უნდა შეესაბამებოდეს საპროექტო უბნის, კვარტლის თუ ქუჩის ტრადიციულ ფორმებს.

3. საპროექტო შენობაზე მანსარდის სართულის მოწყობის შემთხვევაში, მანსარდა უნდა იყოს შეწეული შენობის გარე კონტურიდან და მის წინ სასურველია მოეწყოს პარაპეტი ან (და) კარნიზი.

4. შენობის სახურავის ფორმა, როგორც წესი, უნდა შეესაბამებოდეს საპროექტო უბნის, კვარტლის ან ქუჩის ტრადიციულ ფორმებს. სახურავის მასალა: კრამიტი ან შეღებილი მეტალი. ფერი: წითელი, ყავისფერი, შინდისფერი ტონები. არ არის მიზანშეწონილი შენობაზე მრავალსაფეხურიანი კასკადური ტერასების და სახურავების მოწყობა.

5. შენობა, ტიპოლოგიური იდენტიფიკაციის მიხედვით, უნდა მთავრდებოდეს კარნიზით და (ან) პარაპეტით. შესაძლებელია Eენობა დასრულდეს ატიკური სართულით და ბალუსტრადით. კარნიზის გარეშე შენობის კონტურიდან გარეთ, ქუჩის მხარეს ,,გადმოშვერილი" სახურავით შენობის დასრულება არამიზანშეწონილია.

6. არ არის მიზანშეწონილი ფასადის მოპირკეთება პრიალა ხელოვნური ფილებით და შეულესავი ბეტონის ბლოკების და რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დატოვება, ფასადის შეღებვა მკვეთრი ან მუქი ფერებით, არასასურველია აგრეთვე სუფთა თეთრი ფერის გამოყენება. შენობის მოპირკეთება დასაშვებია ნატურალური ადგილობრივი მასალით (ტუფი, ბაზალტი, მარმარილო, გრანიტი, ეკლარი). დასაშვებია ფასადზე მაღალი ხარისხის შეულესავი აგურის გამოყენება ან ფასადის შელესვა, დეკორატიული ელემენტებით აღჭურვა და მისი შეღებვა რბილი, ღია, პასტელის ტონის ფერებით.

7. არ არის მიზანშეწონილი შენობის პირველი სართულის მთლიანად გახსნა, მაგალითად: შენობის სვეტებზე დადგმა. ამგვარი გადაწყვეტა არ არის დამახასიათებელი თბილისის ისტორიული განაშენიანებისათვის, იგი მკვეთრად ცვლის ტრადიციული გარემოს იერსახეს.

8. შენობის ფენესტრაცია სასურველია ატარებდეს ზომიერ, რიტმულ ხასიათს, იმპოსტების და ღიობგამყოფი პანელების გამოყენებით. არ არის სასურველი შენობის ფასადზე უწყვეტი, მაგალითად ლენტური ფანჯრების მოწყობა, დიდი გაბარიტების ღიობების გადაბმა, ისეთი ღიობების და ფანჯრების მოწყობა, რომელიც იკავებს სართულის მთელ სიმაღლეს იატაკიდან ჭერამდე. ფასადის უწყვეტი შემინვა დასაშვებია ეზოს მხრიდან, შუშაბანდების მოწყობის შემთხვევაში.

9. არ არის მიზანშეწონილი ქუჩის მხრიდან ფასადის მთელ სიგრძეზე უწყვეტი ყრუ შემოსაზღვრის მქონე აივნების მოწყობა. აივნების იერსახე უნდა შეესაბამებოდეს საპროექტო უბნის, კვარტლის ან ქუჩის ტრადიციულ ფორმებს, ფასადზე ფანჯრების კომპოზიციურ გადაწყვეტას. აივნების შემოსაზღვრა უნდა იყოს გამჭვირვალე და შესრულებული ქვის, ხის ან მეტალის მასალის გამოყენებით. უწყვეტი აივნების მოწყობა სასურველია ეზოს მხრიდან, გალერეების ან შუშაბანდების მოწყობის შემთხვევაში.

10. არ არის მიზანშეწონილი შენობის ფასადზე (გარდა პირველი სართულისა) გარედან დამონტაჟებული დარაბების ან ჟალუზების მოწყობა. დარაბები ტრადიციულად კეთდებოდა ბინების შიდა სივრცეში. შენობის სამხრეთის და სამხრეთ-დასავლეთისკენ მიმართულ ფასადებზე უფრო მიზანშეწონილია მოძრავი, დასაკეცი მარკიზების მოწყობა.

11. ღობეების, ფანჯრების, ალაყაფის კარების და სხვა ღიობების დასაცავი გისოსების და ცხაურების დეკორატიული გადაწყვეტა, როგორც წესი, სტილისტურად უნდა შეესაბამებოდეს ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს, კონკრეტული უბნის, კვარტლის თუ ქუჩისათვის დამახასიათებელ ფორმებს.

12. დაუშვებელია ქუჩის მხარეს განლაგებულ ფასადზე მსხვილგაბარიტიანი კონდიცირების დანადგარების დამონტაჟება, ღუმელების, ბუხრების და სხვა გასათბობი დანადგარების საკვამლეების მოწყობა.

13. არ არის მიზანშეწონილი ქუჩის მხარეს განლაგებულ ფასადზე გარედან მიდგმული ლიფტების მოწყობა და აგრეთვე, ამავე მხრიდან სადარბაზოში გახსნილი საერთო სარგებლობის კიბის უჯრედების განლაგება. სამსართულიან შენობებში კიბის უჯრედის განათება შეიძლება მოეწყოს სხვენში განლაგებული ფარნის მეშვეობით.