დანართი 3

 

ბერნარ მ. ფილდენი და ჲუკკა ჲუკილეტო

მენეჯმენტის სახელმძღვანელო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებისათვის

ICCROM, UNESCO, ICOMOS, რომი, 1998[1]

 

9. ქალაქგეგმარება და მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქები

9.3.8.      Infill design შევსების დიზაინი

 

      უმთავრეს მიზანს საკონსერვაციო დაგეგმვისა, განსაკუთრებით, თუკი საქმე ეხება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს, წარმოადგენს არსებული ისტორიული ქსოვილის კონსერვაციის უმკაცრეს პრიორიტეტად დასახვა. ახალი ნაგებობების მშენებლობა არ უნდა იქცეს ძველი შენობების დანგრევის გამართლებად. თუმცა, შესაძლოა წარმოიშვას ახალ-მშენებლობის აუცილებლობა ფუნქციური და არქიტექტურული უწყვეტობის (მემკვიდრეობითობის) აღსადგენად და იმ შემთხვევებშიც, როდესაც ცარიელი ადგილები საფრთხეს უქმნის გარემომცველ ნაგებობებს, ან ხელს უწყობს მათ შემდგომ დაზიანებას.

 

შემავსებელი შენობები, განმარტების თანახმად, თანამედროვე ნაგებობებია და, შესაბამისად, დღევანდელობის სულისკვეთების გამომხატველი უნდა იყოს; იმავდროულად, მათი მხატვრული და გეგმარებითი გადაწყვეტა უნდა ითვალისწინებდეს მათი ისტორიული კონტექსტის დიზაინს. შემავსებელი შენობების დიზაინი უნდა ეფუძნებოდეს არსებული ურბანული ქსოვილის ისტორიული მორფოლოგიისა და მისი ფუნქციების მკაფიო და სისტემატურ ანალიზს. ძირითადად, იგი მიზნად უნდა ისახავდეს ურბანული ქსოვილის ლაკუნების მთლიანობის აღდგენას. დიზაინის პრობლემების გადაწყვეტა სხვაობს ისტორიული არეალების სპეციფიური კულტურული ღირებულებების, არსებული ნაგებობების ტიპოლოგიისა და მდგომარეობის, არეალის მთლიანობის (ჰომოგენურობის) ხარისხის და ა.შ. მიხედვით.

 

მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია ზუსტი ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპების შეთავაზება, რომელიც შეიძლება მივუყენოთ ყველა შემავსებელ ნაგებობას ყველა ისტორიულ არეალში, სპეციფიური სახლემძღვანელო პრინციპები შეიძლება შეიქმნას ცალკეული კულტურული რეგიონებისა თუ ღირსშესანიშნავი ადგილებისთვის. რამოდენიმე საკითხი შეიძლება გამოდგეს იმ ასპექტების წარმოსაჩენად, რომელსაც საგანგებო განსჯა ესაჭიროება. ახალ ნაგებობას უნდა გააჩნდეს:

        რიტმი, რომელიც შეთანადებულია გარემომცველი ურბანული ქსოვილის რიტმიკას და მორფოლოგიურ მახასიათებლებს;

        მოცულობა, რომელიც შეწონასწორებულია საერთო კონტექსთან არ არის ზედმეტად დიდი, რომ არ დაარღვიოს ისტორიული ცენტრის ინტიმური ადამიანური მასშტაბი; და არ მოიცავს ხელოვნურად გაერთიანებულ მიწის რამდენიმე ნაკვეთს ერთი დიდი ფუნქციის შესათავსებად;

        ქუჩის სასაზღვრო ზოლი, რომელიც ემთხვევა არსებულს;

        სილუეტი, რომელიც ითვალისწინებს ტრადიციულ ადგილობრივ ხასიათსა და სილუეტს;

        მასალა, რომელიც ტრადიციულია, ან თავსებადია ტრადიციულ მასალასთან;

        ფანჯრები, რომელიც ხასიათითა და ფანჯარა-კედლის მიმართებით ტიპიურია ამავე არეალის ნაგებობებისთვის;

        მაღალი ხარისხი მშენებლობისა და საერთო გადაწყვეტის, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას საგულდაგულოდ მოძებნილი პროპორციული წყობითა და სათანადო შემთხვევებში ფასადის რელიეფური ან პლასტიკური დამუშავებით.

 

იშვიათად, ქალაქის იერსახესთან დაკავშირებული ფაქტორებიდან გამომდინარე, გამართლებულია დაკარგული ნაგებობის რეპროდუცირება; ასეთი გადაწყვეტა, ძირითადად, განიხილება, როგორც არქიტექტურული ვარიაცია თემაზე. ფასადიზმის პრაქტიკა (ე.ი. ფასადის შენარჩუნება და მის უკან ახალი ნაგებობის აგება) აყალბებს ურბანული კონსერვაციის ძირითად პრინციპებს, რამდენადაც იგი გულისხმობს არსებული ქსოვილის მოშლას და, მეტწილად, მისი თანმდევია ახალი, შეუთავსებელი, დიდი მასშტაბის გაჩენა ისტორიულ ქსოვილში. ახალ-მშენებლობები ისტორიულ ცენტრში უნდა იყოს შეზღუდული ურბანულ ქსოვილში შექმნილი წყვეტის (დანაკარგის) შევსებით; შემავსებელი ნაგებობები მხატვრულად ცოცხალი უნდა იყოს და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად გადაწყვეტილი, მასშტაბითა და ხასიათით სრულად ჰარმონიული მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქთან, რომელშიც ისინი იგება.

 



[1]Bernard M. Feilden and Jukka Jokilehto, Management Guidelines for World Cultural Heritage Sites, ICCROM, UNESCO, ICOMOS, Rome, 1998