ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის პროექტი

1997 წ-დან ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი მუშაობს ისტორიული თბილისის საკითხებზე. 1999 წ.-ის 13 თებერვალს ICOMOS საქართველომ ოფიციალურად წარუდგინა ფართო საზოგადოებას პროგრამა – “შევინარჩუნოთ ძველი თბილისი”, რომლის პრიორიტეტული ამოცანებია: საზოგადოებრივი აზრის შექმნა, მისი საშუალებით ძველი ქალაქის ნგრევის პროცესზე ზემოქმედება და ასევე ფონდების მოძიება სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად.

ICOMOS საქართველოს ნომინაციის საფუძველზე თბილისის ისტორიული ნაწილი “მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის” პროგრამის – “მსოფლიოს ძეგლთა ზედამხედველობა” – მიერ შეტანილ იქნა 100 ყველაზე დაზიანებული ძეგლის სიაში (1998-1999, 2000-2001 წწ.).

“მსოფლიო ძეგლთა ფონდთან” თანამშრომლობის ფარგლებში პროგრამამ – “შევინარჩუნოთ ძველი თბილისი”, ორი საპროექტო წინადადება წარუდგინა “მსოფლიო ძეგლთა ზედამხედველობის” პროგრამას განსახილველად: საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება თემაზე – ძველი თბილისის ავთენტურობის დაცვის პრობლემები და საცდელი პროექტი – ბეთლემის უბნის რევიტალიზაცია.

პროცესების სწრაფი განვითარების გამო, ICOMOS საქართველომ თავად მოხსნა საერთაშორისო კონფერენციის მოწყობის წინადადება, ხოლო 1999 წ-ს, “მსოფლიოს ძეგლთა ფონდის” საშუალებით, “სემუელ ჰ. კრესს ფონდიდან” მოიპოვა გრანტი პროექტის – ბეთლემის უბნის რევიტალიზაცია, I ეტაპის განსახორციელებლად.

პროექტის – ბეთლემის უბნის რევიტალიზაცია, I ეტაპი, ითვალისწინებდა: თბილისი ისტორიული ნაწილის ერთერთ უბანში, ქვემო კალაში, შერჩეულ მცირე ტერიტორიაზე დეტალური გრაფიკული და ფოტო ფიქსაციისა და მრავალდისციპლინარული კვლევის ჩატარებას, რომელიც საფუძვლად დაედო ბეთლემის უბნის კონსერვაციის გეგმის მომზადებას. თავის მხრივ, კონსერვაციის გეგმას უნდა დაეფუძნოს უბნის განვითარების სტრატეგიისა და მისი განხორციელებისათვის აუცილებელი სამოქმედო გეგმის დამუშავება.

 საცდელი პროექტისთვის არეალის შერჩევა შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა: ისტორიული ქსოვილისა და ინფრასტრუქტურის მძიმე ფიზიკური მდგომარეობა; სახიფათო პრეცედენტები არაადექვატული თანამედროვე ჩარევისა და, ამასთანავე, გამორჩეული ისტორიული თუ მხატვრული ღირებულების ღირსშესანიშნაობათა მაღალი კონცენტრაცია.

პროექტის განხორციელების I ეტაპზე, შერჩეულ არეალში ჩატარდა ყველა ისტორიული ნაგებობის (ბეთლემისა და ბეთლემის ქვედა ეკლესიებისა და ბეთლემის ეკლესიის სამრეკლოს გარდა) და ტერიტორიის არქიტექტურულ-არქეოლოგიული აზომვითი სამუშაოები (სულ აიზომა 45 ობიექტი), სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, უბნის ისტორიული და მხატვრულ-სტილისტური ანალიზის ჩათვლით, ზედმიწევნით დეტალური სოციოლოგიური კვლევა, ნაგებობათა საინჟინრო კვლევა და მოპოვებულ იქნა გეოლოგიური დასკვნა (არსებული მონაცემების მიხედვით).

ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოღებულმა მასალამ ნათელად აჩვენა, ერთის მხრივ, როგორც ისტორიული შენობების, ისე მისი განუყოფელი ნაწილის, ადგილობრივი მოსახლეობის, პრობლემების სოციალურ-ეკონომიკური ხასიათი და მეორეს მხრივ, სწორედ უბნის გამორჩეული ისტორიულ-მხატრვრული ღირებულების პოტენციალი ადგილობრივი თემის ეკონომიკური განვითარებისათვის. შესაბამისად, გამოიკვეთა პრიორიტეტული დისციპლინები და მიმართულებები დაგეგმვის პროცესისთვის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პროექტის შესრულებადობა და სიცოცხლისუნარიანობა.

საპროექტო ჯგუფს კარგად ესმის, რომ ბეთლემის უბნის რევიტალიზაცია უნდა განვითარდეს თბილისის ისტორიული ნაწილის გარშემო მიმდინარე პროცესების კონტექსტში და იგი ასეც იყო დაგეგმილი. შესაბამისად, ამჟამინდელი სახელმწიფო ინიციატივები თბილისის ისტორიული ნაწილის გადასარჩენად გვაძლევს იმედს ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის პროექტის წარმატებისა.

საპროექტო ჯგუფი უღრმეს მადლობას უხდის ბეთლემის უბნის მოსახლეობას თანადგომისა და გულისხმიერებისათვის.

 

ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
პროგრამა "შევინარჩუნოთ ძველი თბილისი"