ICOMOS საქართველოს საჯარო დისკუსია –
კულტურული ლანდშაფტები და საქართველო
შეხვედრა გაიმართა 2022 წლის 20 მაისს 16:00 საათზე მემკვიდრეობის რესურსების ცენტრის ყვითელ დარბაზში.
– რა არის კულტურული ლანდშაფტი?
– როგორ ხდება კულტურული ლანდშაფტის განსაზღვრა?
– რა სპეციფიკა აქვს კულტურულ ლანდშაფტს საქართველოში?
– რას ნიშნავს კულტურული ლანდშაფტის კონსერვაცია და რა ინსტრუმენტები არსებობს ამისთვის?
ღონისძიებას დაესწრნენ კულტურული მემკვიდრეობის დარგის სპეციალისტები და კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებულ პირები და ისაუბრეს ამ და კულტურულ ლადშაფტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
მომხსენებელი – ლუიზა დე მარკო, ICOMOS-ის მსოფლიო მემკვიდრეობის მრჩეველი.
პანელის მონაწილეები:
მარინე მიზანდარი, საქართველოს ეროვნული ფონდის თანათავმჯდომარე;
მანანა სურამელაშვილი, ჩუბინაშვილის კვლევის ცენტრი, ICOMOS საქართველოს სამეცნიერო საბჭო;
ციცინო ჩაჩხუნაშვილი, ჩუბინაშვილის კვლევის ცენტრი, ICOMOS საქართველოს სამეცნიერო საბჭო;
მოდერატორი: ნატო ცინცაბაძე, ICOMOS საქართველოს თავმჯდომარე
     
პრაქტიკული სემინარი – თბილისური ისტორიული სახლის ტრადიციული დუღაბის მომზადება და გამოყენება
2022 წელს საერთაშორისო International Council on Monuments and Sites (ICOMOS)მა ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შეარჩია თემა: „მემკვიდრეობა და კლიმატი“, რომელიც ხაზს უსვამს კულტურული მემკვიდრეობის როლს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ქმედებაში. ICOMOS საქართველომ კი 18 აპრილის თემის შესაბამისად ჩაატარა პრაქტიკული სემინარი.
ვორკშოფში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, ახალგაზრდა სპეციალისტებმა და მშენებელ – კალატოზებმა.
ორ-დღიანი სერტიფიცირებული პრაქტიკული ვორკშოფის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ თბილისური დუღაბის და ტრადიციული კირის დუღაბის კვლევის შედეგებს, მომზადების ტექნოლოგიას და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ აქტივობებში.

  

პრაქტიკული სემინარი (ვორკშოფი) – ხის კონსერვაციის პრინციპები და პრაქტიკული უნარ-ჩვევები

ICOMOS საქართველოს საპილოტე პროგრამის – “კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სიცოცხლისუნარიანი რეაბილიტაცია” ფარგლებში, ICOMOS საქართველოსა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის (Riksantikavaren) ორგანიზებით, და საქართველოს კულტურული მემვკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით, 2021 წლის 15-16 ივლისს, ჩატარდა პრაქტიკული სემინარი სახელწოდებით „ხის კონსერვაციის პრინციპები და პრაქტიკული უნარ-ჩვევები“. დაგეგმილი პრაქტიკული სემინარის მიზანი იყო ხის კონსერვაციის ძირითადი პრინციპების გაცნობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, როგორც უშუალოდ შემსრულებელ ოსტატებში, ისე კონსერვაციის სფეროში ჩართულ მრავალდისციპლინარულ ექსპერტთა წრეში. ორდღიანი ვორკშოფი მოიცავდა როგორც თეორიული ცოდნის გაზიარებას, ისე პრაქტიკულ სამუშაოებს ხის არქიტექტურის ნიმუშების სტრუქტურული და დეკორატიული ელემენტების „მკურნალობასა“ და რესტავრაციაზე, საღებავით დამუშავებული ზედაპირების კონსერვაციაზე და აშ.

თეორიული ნაწილი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა ხითხუროობის ტრადიციები საქართველოში, ხის არქიტექტურული ელემენტების დაზიანების მიზეზები და არსებული პრობლემები, ხის რესტავრაციის გამოცდილების გაზიარება და ა.შ. სემინარის მეორე დღეს მონაწილეებმა ისწავლეს და შეასრულეს ისეთი პრაქტიკული სამუშაოები, როგორიცაა ფერის კვლევა, ხის ზედაპირის მომზადება საკონსერვაციო სამუშაოებისთვის, დაზიანებული ხის არქიტექტურული დეტალების რესტავრაცია, ა.შ.

პრაქტიკული სემინარის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ვორკშოფი დასრულდა საინტერესო დისკუსიითა და ICOMOS საქართველოსა და სემინარის მონაწილეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის იმედით.

 

პრაქტიკული სემინარი (ვორკშოპი) – თბილისური ისტორიული სახლის ტრადიციული დუღაბის მომზადება, გამოყენება და მოვლა-პატრონობა

ICOMOS საქართველოს საპილოტე პროგრამის – “კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სიცოცხლისუნარიანი რეაბილიტაცია” ფარგლებში, ICOMOS საქართველოსა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის (Riksantikavaren) ორგანიზებით, და საქართველოს კულტურული მემვკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით, 2020 წლის 5-6 სექტემბერს, ჩატარდა პრაქტიკული სემინარი სახელწოდებით „თბილისური ისტორიული სახლის ტრადიციული დუღაბი – მომზადება, გამოყენება, და მოვლა-პატრონობა“. პრაქტიკული სემინარი განკუთვნილი იყო ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებისა და დამწყები პროფესიონალებისთვის. ორდღიანი ვორკშოფი მოიცავდა როგორც თეორიული ცოდნის გაზიარებას, ისე პრაქტიკულ სამუშაოებს. თეორიული ნაწილი თავის მხრივ ეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა თბილისური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ტრადიციული მასალების ისტორიული კონტექსტი, თბილისის ისტორიული ნალესობები; დუღაბის კონსერვაციის პრინციპები, პროექტის ფარგლებში ჩატარებული პირველი ვორკშოფის შედეგების გაცნობა და ა.შ.

ხოლო სემინარის მეორე დღეს მონაწილეებმა ისწავლეს და შეასრულეს ისეთი პრაქტიკული სამუშაოები, როგორიცაა კირის ტრადიციული დუღაბისა და მიწის დუღაბის მომზადება; აგურის კედლის წყობის ნაკერების გაწმენდა დაზიანებული/გაფხვიერებული დუღაბისგან; აგურის წყობის ნაკერების განახლება კირის საკონსერვაციო დუღაბით და დამუშავება. ხოლო მათ მიერ მომზადებული მიწის დუღაბით, მონაწილეებმა ააშენეს მცირე მოცულობის კედელი ქართული აგურით.

პრაქტიკული სემინარის ორი საკმაოდ ინფორმაციული და დამღლელი დღის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ვორკშოფი დასრულდა საინტერესო დისკუსიითა და ICOMOS საქართველოსა და სემინარის მონაწილეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის იმედით.

 

29.03.2019 – 31.03.2019

თბილისური სახლისთვის თავსებადი კირის დუღაბის “ვორკშოპი”

“ვორკშოპი” ჩატარდა პროექტის -კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანი რეაბილიტაცია” – ფარგლებში, ICOMOS საქართველოსა და რიკსანტიკვარენის ორგანიზებით. “ვორკშოპის” ამოცანაა, თბილისის ისტორიულ შენობებში გამოყენებული ე.წ. მიწის დუღაბის კვლევა და მასთან თავსებადი დუღაბის დადგენა, სოლომონ ბრძენის ქ.#33-ში მდებარე ძეგლის საველე პირობებში. ამ მიზნით, დამზადდა და აგურის წყობაზე გაიტესტა 10 განსხვავებული შემადგენლობის კირის შემკვრელზე დამზადებული დუღაბი. გარკვეული პერიოდის მანძილზე მოხდება შედეგების მონიტორინგი, ფიქსაცია და მოგვიანებით ლაბორატორიული კვლევა. საპროექტო ჯგუფის გარდა, ვორკშოპში მონაწილეობდნენ მოწვეული ხელოსნები და ახალგაზრდა სპეციალისტები.

ვორკშოპი ჩატარდა ICOMOS საქართველოს საპილოტე პროგრამის ფარგლებში, რომლის ფარგლებშიც ამჟამად მიმდინარეობს თბილისში, მემფე სოლომონ მეფის ქუჩა #33-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კვლევითი-საპროექტო სამუშაოები. ორი დღის განმავლობაში ექსპერტები საქართველოდან, ნორვეგიიდან და იტალიიდან მსჯელობდნენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფიზიკური მდგრადობის გაუმჯობესების გავრცელებულ მეთოდებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება კონსერვაციის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს და ხელყოფს მნიშვნელოვან ფასეულობებს. ვორკშოპის მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები საპროექტო ძეგლის კონსტრუქციული გამაგრებისთვის და ზოგადად თბილისის ისტორიული ძეგლებისთვის.