ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და კულტურულ მემკვიდრეობაზე პოტენციური ზეგავლენის მქონე ჩარევებისთვის რეკომენდაციები და შერჩევის კრიტერიუმები, ნოემბერი 2020
თანადაფინანსებულია ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის (Creative Europe Programme of the European Union) ფარგლებში
2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში, ევროკომისიის თხოვნით, ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ (ICOMOS) შეიმუშავა დოკუმენტი: ,,ევროპული ხარისხის პრინციპები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და კულტურულ მემკვიდრეობაზე პოტენციური ზეგავლენის მქონე ჩარევებისთვის“. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია არქიტექტურულ მემკვიდრეობასა და კულტურულ ლანდშაფტებზე. იგი ევროკომისიის 10 ფლაგმანი ინიციატივიდან ერთ-ერთია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის (2018) ფარგლებში განხორციელებული ქმედებების მდგრადობას ემსახურებოდა.
სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კულტურული მემკვიდრეობის, როგორც საერთო სიკეთის, აღიარებასა და მასზე საერთო პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვს. შესაბამისად, ხარისხის გათვალისწინება აუცილებელია ჩარევის პროცესისა და ციკლის ყველა ეტაპზე – დასაფინანსებელი პროგრამების დაწყებიდან პროექტების დასრულების შემდგომი შეფასების ჩათვლით.
ICOMOS - ის მიერ შემუშავებული ,,ევროპული ხარისხის პრინციპები“ გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე: http://openarchive.icomos.org/id/eprint/2436/. პუბლიკაციაში კულტურულ მემკვიდრეობაზე პოტენციური ზეგავლენის მქონე პროექტების შესაფასებლად შემოთავაზებულია 40 ძირითადი რეკომენდაცია და ასევე, შერჩევის კრიტერიუმები: ისინი დოკუმენტში გასაგებად და ნათლად არის ჩამოყალიბებული, რაც გაამარტივებს მათ გამოყენებას. ICOMOS იმედოვნებს, რომ გამოცემა ევროკავშირის ინსტიტუტებს, წევრ სახელმწიფოებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს საერთო მემკვიდრეობის ობიექტებზე ჩარევის ხარისხის უზრუნველყოფასა და გაუმჯოსებეაში დაეხმარება.
ძირითადი რეკომენდაციები
პრინციპები და სტანდარტები
1 კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციაში მონაწილე ყველა დაინტერესებული მხარე ვალდებულია დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ქარტიები და სამოქმედო პრინციპები.
2 იუნესკოს, ევროპის საბჭოს, ICOMOS - ის, სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტისა (CEN) და სხვა კომპეტენტური ორგანიზაციების ტექსტები და სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლებშიც კულტურული მემკვიდრეობის დარგის სტანდარტებია ჩამოყალიბებული, უფასოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი როგორც ინტერნეტით, ისე ელექტრონული გამოცემების სახით და ციფრული საშუალებებით.
ხარისხის პრინციპების პრიორიტეტულობის წარმოჩენა
3 კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, მისი მნიშვნელობისა და ღირებულების შენარჩუნებაზე ზრუნვა და ადგილობრივი თემებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცველთა და მომავალი თაობებისთვის მაგალითის მიცემა.
4 კულტურული მემკვიდრეობის, როგორც საერთო სიკეთის, აღიარება და მასზე საერთო პასუხისმგებლობის აღება ხარისხის უზრუნველყოფის წინაპირობაა. კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია გრძელვადიან საზოგადოებრივ ინვესტიციად უნდა იქნეს განხილული.
5 ნებისმიერი ჩარევის ხარჯებისა და სარგებლის შეფასებისას აუცილებელია კულტურული ღირებულების გათვალისწინება, რომელსაც სულ მცირე ფინანსური ღირებულების იდენტური მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს.
პროგრამები ევროკავშირისა და ეროვნულ დონეებზე
6 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხი სხვა მიზნებთან ერთად უნდა აისახოს ევროკავშირისა და ეროვნულ პროგრამებში.
7 ევროკავშირის დონეზე კულტურული მემკვიდრეობის პროგრამების შემუშავება და დაფინანსება სათანადო კვლევასა და ანალიზს უნდა ეფუძნებოდეს.
8 წევრმა სახელმწიფოებმა პროგრამის შემუშავების/შეთანხმების და ყველა შემდეგ ეტაპზე პროცესში უნდა ჩართონ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ინსტიტუტები/ადმინისტრაციები.
9 ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე წარმატებული პროგრამები და პროექტები უნდა გასაჯაროვდეს, რადგან ეს ევროკავშირს წევრ სახელმწიფოებში საუკეთესო პრაქტიკის გავრცელების შესაძლებლობას მისცემს.
10 დასაფინანსებელი პროექტების პრიორიტეტები უნდა შეესაბამებოდეს დოკუმენტს ,,ევროპული ხარისხის პრინციპები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და კულტურულ მემკვიდრეობაზე პოტენციური ზეგავლენის მქონე ჩარევებისთვის“, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სტრატეგიულ პოლიტიკას და ისინი კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების/ ადმინისტრაციების მიერ უნდა დამტკიცდეს.
11 განხილული უნდა იქნეს მცირემასსშტაბიანი პროექტების დაფინანსების საკითხი, მსხვილი პროექტების შერჩევის პროცესი კი ორ ეტაპად უნდა წარიმართოს.
საპროექტო დავალებები და ტენდერები
12 საპროექტო დავალებები და ტენდერები კონსერვაციის მიდგომის განმტკიცებას უნდა ემსახურებოდეს და საპროექტო განაცხადების ხარისხის პრინციპების დოკუმენტში მოცემული შერჩევის კრიტერიუმებთან
თანხვედრას უნდა მოითხოვდეს, რათა დაცული იქნეს კულტურული მემკვიდრეობისა და მასთან დაკავშირებული ღირებულებების დაცვა.
13 საპროექტო დავალებებსა და სატენდერო დოკუმენტებში მითითებული უნდა იყოს მოთხოვნა, რომლის თანახმად განაცხადები უნდა ითვალისწინებდეს ავთენტიკურობის მატერიალური და არამატერიალური ასპექტების და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის შენარჩუნებას.
14 საპროექტო დავალებები და სატენდერო დოკუმენტები საპროექტო განაცხადის წარმდგენებს უნდა ავალდებულებდეს განაცხადში, რისკების ანალიზის ნაწილში, კულტურულ მემკვიდრეობაზე უშუალო თუ არაპირდაპირი ჩარევის ზეგავლენის და შესაბამისი შერბილების ღონისძიებების გათვალისწინებას.
განაცხადებში ასევე უნდა აღინიშნოს კონსერვაციის, მოვლაპატრონობისა და გრძელვადიანი მონიტორინგის გეგმის, ბიზნეს გეგმის (ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მსხვილმასშტაბიანი პროექტების შემთხვევაში არის აუცილებელი) წარდგენის აუცილებლობა და საზოგადოებისთვის მათი პოტენციური სარგებლის განმარტება.
დაპროექტება
15 საპროექტო განაცხადებში უნდა განიმარტოს, როგორ აისახა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, ღირებულებები და მდგომარეობა პროექტში; ამასთან, დასაბუთებული უნდა იყოს ყველა შემოთავაზებული ჩარევა. აუცილებელია, პროექტთან და მის კონტექსტთან დაკავშირებული ახალი რისკების, პრობლემებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
16 ახალი ელემენტების დამატების ან ახლებური ფუნქციით გამოყენების საჭიროების შემთხვევაში, პროექტმა უნდა უზრუნველყოს ჰარმონიული ბალანსის დაცვა კულტურულ მემკვიდრეობასა და ახალ ელემენტებს შორის და არსებული ღირებულებების შენარჩუნება.
17 ახალი ფუნქციის განხილვისას, აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის პატივისცემის პრინციპის დაცვა და მისი ძეგლთან შესაბამისობის, საზოგადოების საჭიროებებთან თანხვედრისა და მდგრადობის უზრუნველყოფა.
18 პროექტები და გეგმები უნდა ითვალისწინებდეს უწყვეტი მოვლა-პატრონობის საჭიროებას და ადგილობრივი თემების შესაძლებლობების გაძლიერებას მათ მიერ მემკვიდრეობაზე ზრუნვის ხელშესაწყობად.
19 ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები პატივს უნდა სცემდეს ევროკავშირის ღირებულებებსა და საერთაშორისო შეთანხმებებს. სარეკონსტრუქციო სამუშაოს დაფინანსება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თუ მოცემული პროექტი შეესაბამება
ხარისხის პრინციპების დოკუმენტეში მოცემულ შერჩევის კრიტერიუმებს.
შესყიდვა
20 პროექტის ბენეფიციარების მიერ სამუშაოს შესყიდვისას აუცილებელია ორ-კონვერტიანი სისტემის გამოყენება და ტექნიკური წინადადების ფინანსური წინადადებისგან დამოუკიდებლად შეფასება და მისთვის უპირატესობის მინიჭება.
განხორციელება
21 განხორციელების ფაზა უნდა წარიმართოს ხარისხის პრინციპების შესაბამისად.
22 პროექტის განხორციელების გეგმა და მართვის სტრუქტურა მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს და შეთანხმდეს და ქმედებებში შესწორებების შეტანისა და რესურსების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს. საჭიროა მეცნიერულად დასაბუთებული და აპრობირებული თავსებადი მასალებისა და ფრთხილი, გამოცდილი მეთოდების გამოყენება. მხედველობაში უნდა იყოს მიღებული გაუთვალისწინებელი საჭიროებები (მაგ., კვლევა და მასალების გამოცდა).
23 პროექტში მონაწილე ყველა მხარეს უნდა ჰქონდეს ერთმანეთთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. კომუნიკაციის არხების საკითხზე მუშაობა შეიძლება კონსერვაციაზე მომუშავე პირს დაევალოს.
24 აუცილებელია განხორციელების პროცესის სრულად დოკუმენტირება, დაარქივება და მომავალში ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფა.
მონიტორინგი და შეფასება
25 პროექტის დასასასრულს კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტებმა დამოუკიდებელი შეფასება უნდა ჩაატარონ. შეფასებაში განხილული უნდა იყოს ადგილობრივ თემებზე კულტურული, ტექნიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი შედეგები და ზეგავლენა. მცირე, დაბალბიუჯეტიანი პროექტების შემთხვევაში, შეფასება შედარებით მარტივი სახის იქნება. ხარისხის პრინციპებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, საჭირო იქნება სამუშაოს კორექტირება.
26 აუცილებელია რეგულარული მონიტორინგი. მართვის და მოვლა-პატრონობის მდგრადობის გრძელვადიანი შეფასება პროექტის დასრულებიდან გონივრული დროის შემდეგ უნდა ჩატარდეს.
27 პროცესის შესაბამის ეტაპებზე აუცილებელია მემკვიდრეობის კომპეტენტური ექსპერტების მიერ დამოუკიდებელი შეფასებისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფა.
მმართველობა
28 ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტებმა უნდა წაახალისოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თემების მონაწილეობა.
29 ფონდის რეგულაციები ხელს უნდა უწყობდეს მემკვიდრეობის პროექტების დაფინანსებას და ითვალისწინებდეს მათ სპეციფიკურობას.
რისკების შეფასება და შერბილება
30 ევროკომისიამ და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეისწავლონ კულტურული მემკვიდრეობის პროექტების და კულტურულ მემკვიდრეობაზე ზეგავლენის მქონე პროექტების რისკები და წარმოადგინონ მათი მართვის ინდივიდუალური პოლიტიკა, რადგან კულტურული მემკვიდრეობის პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის რისკის ყოვლისმომცველ შეფასებას არსებითი მნიშვნელობა აქვს.
კვლევა
31 ევროპაში კულტურული მემკვიდრეობის ინტეგრირებული კვლევითი პოლიტიკის და ერთობლივი პროგრამების შემუშავების ტექნიკური, ადმინისტრაციული და ფინანსური მხარდაჭერა უნდა გაიზარდოს, რათა შესაძლებელი გახდეს კულტურული მემკვიდრეობის ევროპული განზომილების კონცეპტუალიზება. საჭიროა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩარევების დაფინანსების წყაროებისა და მათი ხარისხთან მიმართების შესწავლა. ევროკავშირის თანამშრომლობა დაფინანსების სხვა პროგრამებთან შეიძლება სასარგებლო იყოს როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.
32 ევროკავშირში და ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე პროგრამების შემუშავების პროცესის ხელშეწყობისა და პროექტის დაწყებამდე საჭირო ინფორმაციის მიღების მიზნით აუცილებელია დაფინანსების გათვალისწინება კვლევების ჩასატარებლად მაკრო (ტენდენციები, ზეგავლენა) და მიკრო (ცალკეული შემთხვევების ანალიზი და კარგი პრაქტიკის მაგალითების შედარება) დონეებზე.
33 აუცილებელია ტრანსდისციპლინური კვლევითი პროგრამების შემუშავება და სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგში დაგროვილი ცოდნის გადაცემის ხელშეწყობა, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს მონაწილეობით დაგეგმვა, კულტურული მემკვიდრეობის ინტეგრირებული მართვა და ჭკვიანი ტექნოლოგიების შემუშავება. ევროკავშირის კვლევით პროგრამებში მითითებული უნდა იყოს კვლევის შედეგების მემკვიდრეობის სპეციალისტებისთვის გასაჯაროების, კონკრეტულად კი მათი ღია წვდომის საცავებში, მაგალითად ICOMOS - ის ღია არქივში (ICOMOS Open Archive) გამოქვეყნების, ვალდებულება.
34 კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ევროპულ კვლევებში შემოთავაზებული უნდა იყოს მცირემასშტაბიანი პროექტების დაფინანსების შესაბამისი ინსტრუმენტებიც.
35 SoPHIA, ჰორიზონტი 2020-ის (Horizon 2020) ფარგლებში დაფუძნებული მემკვიდრეობაზე ზეგავლენის ჰოლისტური შეფასების სოციალური პლატფორმა და ევროპის ისტორიულ გარემოში და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე ჩარევების ხარისხი ხარისხის პრინციპების დოკუმენტის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს.
განათლება და ტრენინგი
36 კულტურული მემკვიდრეობის დარგში საგანმანათლებლო და ტრენინგის კურსები, ინიციატივები და პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტად აღიარებულ ტექსტებს, მათი სასწავლო პროგრამები კი პერიოდულად, ტექნიკური წინსვლისა და ინოვაციების კვალდაკვალ უნდა განახლდეს.
37 ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კულტურული მემკვიდრეობის პროექტები, საჭიროების მიხედვით, უნდა ითვალისწინებდეს დებულებას, რომლის თანახმად საპროექტო დავალებისა და ტენდერის ფარგლებში გათვალისწინებული უნდა იყოს კონსერვაციის დარგში ტრენინგისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების განხორციელება.
38 სასურველია კულტურული მემკვიდრეობის დარგში არსებული შესაბამისი ევროპული საგანმანათლებლო და ტრენინგის ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების, ასევე მათი კურსების, ინიციატივებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის პერიოდულად განახლება.
39 კონსერვაციაში ჩართულ პირთა (მაგ., ქალაქმგეგმარებლები, არქიტექტორები, ლანდშაფტის არქიტექტორები, ინტერიერის დიზაინერები და ხელოსნები) განათლებასა და მომზადებაზე პასუხისმგებელმა ინსტიტუტებმა თავიანთ ძირითად სასწავლო პროგრამებში უნდა შეიტანონ კონსერვაციის დისციპლინა. კულტურული მემკვიდრეობის გაგებას ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა უნდა უწყობდეს ხელს.
ხარისხის ჯილდო
40 ევროკომისიამ, არსებული პრემიებისა და ჯილდოების გამოყენებასთან ერთად, უნდა განიხილოს სპეციალური ევროპული ჯილდოს დაწესების შესაძლებლობა, რომლითაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ კულტურულ მემკვიდრეობის ობიექტებზე ჩატარებული სამუშაოს ხარისხი აღინიშნება.
კულტურულ მემკვიდრეობაზე პოტენციური გავლენის მქონე პროექტების შერჩევის კრიტერიუმები
ჩვენს მუდმივად ცვალებად გარემოში კულტურული მემკვიდრეობის მრავალი ობიექტი გვხვდება. კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოებრივი სიკეთეა, რომლის განახლება და ჩანაცვლება შეუძლებელია, რის გამოც აუცილებელია მისი გაფრთხილება. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე ჩარევის ქვემოთ წარმოდგენილი ხარისხის პრინციპები და შერჩევის კრიტერიუმები ,,ნასესხების დაბრუნებაში“ დაგვეხმარება:
1. ცოდნის გამოყენება
პირველ რიგში, შეისწავლეთ და
გამოიკვლიეთ
2. საზოგადოებრივი სარგებელი გახსოვდეთ, რომ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა გეკისრებათ
3. თავსებადობა შეინარჩუნეთ ,,ადგილის სული“
4. პროპორციულობა გააკეთე მხოლოდ იმდენი, რამდენიც საჭიროა, მაგრამ არა იმაზე მეტი, ვიდრე აუცილებელია
5. განჭვრეტა გამოიყენება უნარები და გამოცდილება
6. მდგრადობა უზრუნველყავი მდგრადობა
7. კარგი მმართველობა პროცესი ნაწილობრივ განაპირობებს წარმატებას
შეფასების ეს ინსტრუმენტი შედგება ძირითადი კითხვებისგან, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უნდა დაუსვან საკუთარ თავს კულტურულ მემკვიდრეობაზე პოტენციური ზეგავლენის მქონე საპროექტო განაცხადების შეფასებისას. მათ უნდა განსაზღვრონ, იმსახურებენ თუ არა ეს პროექტები ევროკავშირის ან სხვა ინსტიტუციის მიერ დაფინანსებას.
არსებობს სხვადასხვა ტიპის პროექტები: მცირე და მსხვილმასშტაბიანი, საჯარო და კერძო, მაღალბიუჯეტიანი და დაბალბიუჯეტიანი, კულტურულ მემკვიდრეობაზე უშუალო და არაპირდაპირი ზეგავლენის მქონე. ხარისხის შეფასების პრინციპები ეხება როგორც მემკვიდრეობას, ისე პროცესს. შეფასებას ატარებენ როგორც კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები, ისე ზოგადად პროცესსა და ფინანსებზე პასუხისმგებელი პირები. ეს ინსტრუმენტი შეიძლება ასევე სასარგებლო იყოს სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი და მემკვიდრეობის დაცვაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი თემებისთვის.
1 ცოდნის გამოყენება პირველ რიგში, შეისწავლეთ და გამოიკვლიეთ
• არის თუ არა მემკვიდრეობა საფრთხეში და საჭიროებს თუ არა იგი გადაუდებელ კონსერვაციას?
• საპროექტო დავალების შემუშავებასა და პროექტის ფორმულირებას უსწრებდა თუ არა წინ მემკვიდრეობის ობიექტის და მისი გარემოს კვლევა და შესწავლა?
• იდენტიფიცირებულია თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ყველა ელემენტი და მახასიათებელი? ცნობილია და სათანადოდ ინტერპრეტირებული მისი ისტორია, თანამედროვე ფიზიკური მდგომარეობა და ღირებულებები? თუ არა, იგეგმება ღონისძიებები ამ მიმართულებით?
• ჩატარებულია თუ არა კულტურულ მემკვიდრეობაზე ზეგავლენის შეფასება? თუ კი, ჩატარდა თუ არა იგი მემკვიდრეობის დარგის მცოდნე დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ? ჩარევის რამდენიმე ვარიანტის არსებობის შემთხვევაში, განხილულია თუ არა თითოეული მათგანი კულტურულ მემკვიდრეობაზე ზემოქმედების შეფასებაში?
2 საზოგადოებრივი სარგებელი გახსოვდეთ, რომ მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობა გეკისრებათ
• აღიარებულია თუ არა პროექტით კულტურული მემკვიდრეობა, როგორც საზოგადოებრივი სიკეთე და პასუხისმგებლობა?
• სრულად შეესაბამება თუ არა პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებს? თუ მისი დამტკიცება გამონაკლისების დაშვებას მოითხოვს?
• აუცილებელია თუ არა პროექტის განხორციელება ისტორიული გარემოსა და მისი კულტურული მემკვიდრეობის მომავალი თაობებისთვის შესანარჩუნებლად? იმ შემთხვევაში, თუ პროექტი მოცემული დროისთვის აღქმული საჭიროებების დაკმაყოფილებას ემსახურება, დროთა განმავლობაში კი საჭიროებების ცვალებადობის კვალდაკვალ გაირკვევა, რომ ეს ჩარევები ზედმეტი იყო, შესაძლებელი იქნება თუ არა საწყის მდგომარეობაში დაბრუნება, ანუ ექნება თუ არა ჩარევებს შექცევადი ხასიათი?
• სრულად არის თუ არა გაცნობიერებული პროექტის განხორციელების მოტივაცია და მასთან დაკავშირებული სპეციფიკური ინტერესები?
• ექნებათ თუ არა შემოთავაზებული ჩარევის შემდეგ მომავალ თაობებს სრული წვდომა ისტორიულ გარემოსა და მის კულტურულ მემკვიდრეობაზე? ხომ არ დაიკარგება ზოგიერთი მახასიათებელი? თუ ასეა, გამართლებულია თუ არა ამგვარი დანაკარგი საზოგადოებრივი სარგებლით და როგორ აღიქვამენ/შეაფასებენ მას მომავალი თაობები?
3 თავსებადობა შეინარჩუნეთ ,,ადგილის სული“
• თავსებადია თუ არა მემკვიდრეობის ობიექტის დაგეგმილი ფუნქციით გამოყენება მის მახასიათებლებთან, არქიტექტურულ კომპოზიციასა და შესაბამის ელემენტებთან?
• ითვალისწინებს თუ არა პროექტი ისტორიულ გარემოსა და მის კულტურულ მემკვიდრეობას, მის მასშტაბს, პროპორციებს, სივრცეებს, მახასიათებლებს, მასალებსა და (ადრინდელ) ფუნქციას?
• პასუხობს თუ არა პროექტი ადამიანების შემეცნებით საჭიროებებს და უზრუნველყოფს თუ არა იგი ობიექტის ფიზიკურ მისაწვდომობას?
• იცავს თუ არა პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებსა და პრინციპებს?
• შენარჩუნდება თუ არა კულტურული მემკვიდრეობის/ლანდშაფტის ავთენტიკურობა?
4 პროპორციულობა გააკეთე მხოლოდ იმდენი, რამდენიც საჭიროა, მაგრამ არა იმაზე მეტი, ვიდრე აუცილებელია
• ითვალისწინებს თუ არა შემოთავაზებული პროექტი ფრთხილ მიდგომას, განსაკუთრებით შეუქცევადი ხასიათის სამუშაოს ჩატარებისას ან ისეთ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს სათანადო ცოდნა და მისი მიღება მოცემული დროისთვის შეუძლებელია?
• პროექტი შეკეთებასა და კონსერვაციაზეა ორიენტირებული თუ საფუძვლიან გადაკეთებაზე (კერძოდ, დაგეგმილია თუ არა ავთენტიკური მასალის ახლით ჩანაცვლება)? პროექტი ,,ზედმეტ ჩარევასა“ და ,,ჭარბი ფინანსური რესურსების“ ხარჯვას ხომ არ ითვალისწინებს?
• შენარჩუნდება თუ არა ავთენტიკურობა, განსაკუთრებით იქ, სადაც თანამედროვე დიზაინი ობიექტის ახალი ფუნქციებით გამოყენებას ითვალისწინებს?
• შენარჩუნდება თუ არა ბალანსი და სწორი მიმართება კულტურულ მემკვიდრეობასა და ახლად დამატებულ ელემენტებს შორის?
5 განჭვრეტა უნარებისა და გამოცდილების გამოყენება
• ითვალისწინებს თუ არა პროექტი ყველა შესაბამისი დისციპლინის ფარგლებში დაგროვილ ცოდნას? არის თუ არა იგი ერთობლივი და ტრანსდისციპლინური რეფლექსიის შედეგი?
• ჩანს თუ არა პროექტში, რომ დამპროექტებელს ესმის კულტურული მემკვიდრეობა? ავლენს თუ არა იგი გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო შემოქმედებით უნარს, მასალების შერჩევის სათანადო ცოდნას და აქცევს თუ არა ყურადღებას დეტალებს?
• რამდენად აპრობირებულია შემოთავაზებული ტექნიკური გადაწყვეტები? შემოთავაზებულია თუ არა მოწინავე ტექნიკური გადაწყვეტები? არიდებულია თუ არა მაღალი რისკის/ბუნდოვანების შემცველი ტექნიკური მიდგომები?
• შეესაბამება თუ არა პროექტი მიზანს და პასუხობს თუ არა კულტურული მემკვიდრეობის მოცემული ობიექტის საჭიროებებს?
• ასახავს თუ არა პროექტი ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ ტრადიციებს, სტანდარტებსა და თავისებურებებს?
• აკმაყოფილებენ თუ არა მცირე და საშუალო ზომის საკონსერვაციო და სამშენებლო საწარმოები პროექტის განსახორციელებლად საჭირო მოთხოვნებს?
6 მდგრადობა უზრუნველყავი მდგრადობა
• რა ზეგავლენას მოახდენს პროექტი გარემოზე?
• ჩატარდა თუ არა გარემოზე ზეგავლენის დამოუკიდებელი შეფასება? იყო თუ არა გათვალისწინებული მისი დასკვნები პროექტის მომზადებისას?
• ჩატარდა თუ არა კონსულტაციები ადგილობრივ მოსახლეობასთან და მემკვიდრეობის დაცვაით დაინტერესებულ თემებთან და მონაწილეობდნენ თუ არა ისინი პროექტის შემუშავებაში? გათვალისწინებულია თუ არა მათი მოსაზრებები?
• ითვალისწინებს თუ არა პროექტი მომავალში ობიექტის მოვლა-პატრონობას? არსებობს თუ არა (პროექტის დასრულების შემდგომი) ობიექტის მოვლა-პატრონობის სტრატეგია?
• არსებობს თუ არა პროექტის დასრულების შემდგომ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის მართვის გრძელვადიანი სტრატეგია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი ახალი ფუნქციით გამოყენება იგეგმება?
7 კარგი მმართველობა პროცესი ნაწილობრივ განაპირობებს წარმატებას
• მკაფიოდ არის თუ არა განსაზღვრული, თუ რომელი ადგილობრივი ექსპერტები და ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლების ორგანოები უნდა ჩაერთონ პროცესის ცალკეულ ეტაპებზე?
• არის თუ არა რისკების შეფასება და შერბილება პროექტის განუყოფელი ნაწილი და გათვალისწინებულია თუ არა მემკვიდრეობის სპეციალისტების მონაწილეობა?
• გათვალისწინებულია თუ არა მონიტორინგის სისტემა როგორც პროექტის განხორციელების პროცესში, ისე მის შემდეგ?
• არის თუ არა პროექტში განხილული გაუთვალისწინებელ შემთხვევების და ასეთ დროს მოქნილად მოქმედების შესაძლებლობა?
• ითვალისწინებს თუ არა პროექტი მემკვიდრეობის კონსერვაციისა და მართვის დარგში ტრენინგსა და ცოდნის გავრცელებას/გაზიარებას?
• არის თუ არა პროექტი მდგრადი განვითარების სტრატეგიის ნაწილი?
ევროპული ხარისხის პრინციპები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და კულტურულ
მემკვიდრეობაზე პოტენციური ზეგავლენის მქონე ჩარევებისთვის
მომზადებულია ექსპერტთა ჯგუფის მიერ. ჯგუფის შემადგენლობა: ელენა დიმიტროვა (ICOMOS ბულგარეთი) მარი-ლორ ლავენირი (ICOMOS-ის საერთაშორისო სამდივნო) პოლ მაკმენი (ICOMOS ირლანდია), ბაიბა მურნიეცე (ICOMOS ლატვია),
სტეფანო ფრანჩესკო მუსო (ICOMOS იტალია - თავმჯდომარე), გარგელი ნაგი (ICOMOS უნგრეთი), კრისტოფ რაუჰუტი (ICOMOS გერმანია), გრელან დ. რურკი (ICOMOS-ის საბჭო) ერმინია შიაკიტანო (ევროკომისია) და ბენედიქტ სელფსლეგი (ICOMOS ბელგია).
პუბლიკაცია მომზადდა შემდეგი პირების დახმარებით: პირველი გამოცემა:
ჯუნ ტაბოროვი (ICOMOS დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო), და
მორინ თიბო (ICOMOS-ის საერთაშორისო სამდივნო), განახლებული გამოცემა:
გრელან რურკი და ბენედიქტ სელფსლეგი (რედ.), დომინიკ შნაიდერი და ფლორენ ბაბიქსი (ICOMOS საფრანგეთი) - ფრანგულ ვერსია, ლუსილ სმირნოვი (ICOMOS-ის საერთაშორისო სამდივნო).
ევროკომისიის მიერ ამ პუბლიკაციის მხარდაჭერა არ ნიშნავს მასში წარმოდგენილი მოსაზრებების გაზიარებას. გამოცემა ასახავს მხოლოდ ავტორების შეხედულებებს. ევროკომისია ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ამ გამოცემაში მოცემული ინფორმაციის რაიმე სახით გამოყენებაზე.
გამოცემა: ICOMOS-ის საერთაშორისო სამდივნო დიზაინი და დაკაბადონება: ვანესა პარიზი ფოტოგრაფი, გარეკანის ფოტო: პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი, აპრილი, 2019 © David Bordes / DRAC Ile de France
International Council on Monuments and Sites
ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო
11 rue du Séminaire de Conflans
94220 Charenton-le-Pont
France
Tel.: 33 (0)1 41 94 17 59
secretariat[at]icomos.org www.icomos.org
ISBN 978-2-918086-40-6
© ICOMOS 2020