ბეთლემის უბნის რევიტალიზაცია
- 10 სექტემბერი, 2024
პროგრამის მიზნია თბილისის ისტორიულ ნაწილში, კალაში, ბეთლემის უბნის განვითარება ინტეგრირებული კონსერვაციის გზით. პროგრამის ამოცანაა ადგილობრივი თემის აქტიური მონაწილეობით ხელი შეუწყოს ისტორიული უბნის რევიტალიზაციას და ისტორიული მხატვრული სახის აღდგენას: უბნის ტურისტული პოტენციალის განვითარების გზით, მოსახლეობის დასაქმებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის პროგრამა 2000 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის მხარდაჭერით დაიწყო. 2004-2005 წწ.-ში UNESCO-ს და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით მომზადდა ბეთლემის უბნის კონსერვაციის გეგმა და მისი განვითარების მრავალდისციპლინარული გეგმა.
2006-2011 წწ.-ში ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ეტაპობრივად განხორციელდა დაგეგმილი სამუშაოები: ადგილობრივი მოსახლეობის წვრთნა ტრადიციულ ხელოსნობასა და რესტავრაციის პრინციპებში, ისტორიული საზოგადოებრივი სივრცეების რეაბილიტაცია, ისტორიული სახლებისა და არქეოლოგიური ძეგლის – ათეშგას რესტავრაცია, შეიქმნა ბეთლემის უბნის ტურისტული მარშრუტი, დაფუძნდა ბეთლემის უბნის ყოველწლიური ფესტივალი. უბანში განთავსდა ICOMOS საქართველოს ოფისი, რომელიც ასევე მოქმედებს, როგორც უბნის საინფორმაციო და ადგილობრივი თემის ცენტრი.