პრაქტიკული სემინარი (ვორკშოპი) – თბილისური ისტორიული სახლის ტრადიციული დუღაბის მომზადება, გამოყენება და მოვლა-პატრონობა
ICOMOS საქართველოს საპილოტე პროგრამის – “კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სიცოცხლისუნარიანი რეაბილიტაცია” ფარგლებში, ICOMOS საქართველოსა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის (Riksantikavaren) ორგანიზებით, და საქართველოს კულტურული მემვკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით, 2020 წლის 5-6 სექტემბერს, ჩატარდა პრაქტიკული სემინარი სახელწოდებით „თბილისური ისტორიული სახლის ტრადიციული დუღაბი – მომზადება, გამოყენება, და მოვლა-პატრონობა“. პრაქტიკული სემინარი განკუთვნილი იყო ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებისა და დამწყები პროფესიონალებისთვის. ორდღიანი ვორკშოფი მოიცავდა როგორც თეორიული ცოდნის გაზიარებას, ისე პრაქტიკულ სამუშაოებს. თეორიული ნაწილი თავის მხრივ ეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა თბილისური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ტრადიციული მასალების ისტორიული კონტექსტი, თბილისის ისტორიული ნალესობები; დუღაბის კონსერვაციის პრინციპები, პროექტის ფარგლებში ჩატარებული პირველი ვორკშოფის შედეგების გაცნობა და ა.შ.
ხოლო სემინარის მეორე დღეს მონაწილეებმა ისწავლეს და შეასრულეს ისეთი პრაქტიკული სამუშაოები, როგორიცაა კირის ტრადიციული დუღაბისა და მიწის დუღაბის მომზადება; აგურის კედლის წყობის ნაკერების გაწმენდა დაზიანებული/გაფხვიერებული დუღაბისგან; აგურის წყობის ნაკერების განახლება კირის საკონსერვაციო დუღაბით და დამუშავება. ხოლო მათ მიერ მომზადებული მიწის დუღაბით, მონაწილეებმა ააშენეს მცირე მოცულობის კედელი ქართული აგურით.
პრაქტიკული სემინარის ორი საკმაოდ ინფორმაციული და დამღლელი დღის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ვორკშოფი დასრულდა საინტერესო დისკუსიითა და ICOMOS საქართველოსა და სემინარის მონაწილეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის იმედით.