18 აპრილი – ICOMOS საქართველოს სოციალური მედია კამპანია

18 აპრილი – ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღე!  ICOMOS საქართველოს სოციალური მედია კამპანია ჩვენი წევრების მიერ მომზადებული მასალებით 18 აპრილის წლევანდელ თემაზე – ზიარი კულტურა, ზიარი მემკვიდრეობა, ზიარი პასუხისმგებლობა! ავტორი: მანანა სურამელაშვილი „ადამიანები მხოლოდ წმინდა ბუნებით იბადებიან, მაგრამ შემდეგ მამები მათ იუდეველებად, ქრისტიანებად ან ცეცხლთაყვანისმცემლებად აქცევენ“ – საადი ონის სინაგოგა, ახალციხის რაბათის მეჩეთი და მედრესე კაცობრიობის ისტორია სავსეა გარედან მოსული ხალხის უცხო მიწაზე დამკვიდრდების მაგალითებით. ასეთი გამოცდილება ჩვენთვისაც კარგად არის ნაცნობი. ძალით შემოჭრილებთან ერთად, თავშესაფრის მაძიებელი დევნილებიც მოსულან, ექსპანსიის საპასუხო მიუღებლობაც აღმოცენებულა და ძმობის იშვიათი მაგალითებიც. ჭიდილსა და თანაცხოვრებაში ყველა საკუთარ მემკვიდრეობას ქმნიდა, რომელიც დროთა განმავლობაში, მიუხედავად ეროვნული, კონფესიური, თუ კულტურული კუთვნილებისა ახლობელი ხდებოდა. ასე აღმოვჩნდით უცხოთა მემკვიდრეობის თანამოზიარენი და პატრონობის საერთო პასუხისმგებლობა დაგეკისრა. 1895 წელს აშენებული ონის სინაგოგა, თლილი ქვით ნაგები, გუმბათიანი, მაღალი ოსტატობით შესრულებული რენესანსული და მავრიტანული სტილის ელემენტებით გაფორმებული შესანიშნავი ძეგლია. ეს ერთ-ერთი თვალსაჩინო, სიდიდით და მხატვრული ღირებულებით გამორჩეული სინაგოგაა კავკასიაში, რომელიც მსგავსებას ამჟღავნებს ფაშისტების მიერ 1943 წელს აფეთქებულ ვარშავის დიდ სინაგოგასთან. კომუნისტური რეპრესიების დროს, 1930-იან წლებში, ონის სინაგოგასაც დამუქრებია საფრთხე, მაგრამ ებრაელებს და ქართველებს საერთო თავგანწირვით გადაურჩენიათ. დღეს ონში 10 ებრაელი ვეღარ იკრიბება, რომ ტაძარში ლოცვა შედგეს… თავის დროზე კი ისინი ათასობით ცხოვრობდნენ აქ და აფერადებდნენ ურთიერთობებს. მსგავსი სევდისმომგვრელი ვითარებაა ახალციხეშიც, სადაც რაბათის უბანში ორი სინაგოგაა და ებრაელების მხოლოდ სამი ოჯახი. აქვე, რაბათის ციხეში, რომელიც თამარის დროს განახლებული – შალვა და ივანე ახალციხლების სამფლობელოს, XIV-XVII სს-ში სამცხის ათაბაგ ჯაყელთა რეზიდენციას წარმოადგენდა, ხოლო მომდევნო პერიოდიდან ოსმალთა ხელში გადასული – ახალციხის საფაშოს ცენტრი გახდა, ბეგლარბეგ ჰაჯი-აჰმედ ფაშას დაკვეთით აშენებული, გვიანოსმალური არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშები, მედრესე და მეჩეთი (1747-1752) დგას. ამ ნაგებობას დიუბუა დე მონპერე „არქიტექტურის შედევრად“ იხსენიებს.