SOS ! ისევ ხადის ხეობა !

ხადის ხეობაში ავტომაგისტრალის მშენებლობის რისკებზე და ‘ქვეშეთი კობის’ პროექტის სავალალო შედეგებზე სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ წლებია მიმდინარეობს ადვოკატირება. ამ საფრთხის გამო, ხადა საერთაშორისო ICOMOS – ის ‘მემკვიდრეობა საფრთხეშია’ 2016 – 2019 წლის ანგარიშში შევიდა – https://drive.google.com/…/1OQ6vyU70X34EmU1USHmn…/view
ხეობაში ბოლო ხანს გამოვლენილი შუა საუკუნეების ნასახლარის ფოტოები, რომელიც გაავრცელა გიგა ჩოხელი, წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს თავისი მასშტაბით, ქვის დიდრონი ფილებით მოგებული მისასვლელითა და კერამიკული მასალის სიმრავლით. ნაგებობის კონტურები მიანიშნებს აქ არსებული არქეოლოგიური ობიექტის გაცილებით ფართო ტერიტორიაზე გავრცელებაზე და ცხადად მეტყველებს მისი სრულად გახსნა-შესწავლის აუცილებლობაზე. ფართო საზოგადოება და სპეციალისტები მოუთმენლად ელოდებიან ოფიციალურ ინფორმაციას ამ ობიექტის შესახებ, მისი მნიშვნელობის შეფასებას და დაცვის საკითხის გადაწყვეტას.
ამ შემთხვევამ ერთხელ კიდევ მწვავედ დაგვანახა ჩრდილოეთთან (რუსეთთან) დამაკავშირებელი „სამხედრო გზის“ შემოკლების და გუდაურისთვის საავტომობილო მაგისტრალის არიდების მიზნით ქვეშეთი კობის მონაკვეთის დასაკავშირებლად ხადის ხეობის შერჩევის მიუღებლობა (დაუშვებლობა). ხადის თემაში გარკვეული სპეციალისტების, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციათა მხრიდან გადადგმული არაერთი ნაბიჯის მიუხედავად, სამწუხაროდ, ალტერნატიული გზის მოძიების საკითხი დღემდე არ იქნა გადახედილი.
საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების დროიდანვე ცნობილ მატიანეებში არაერთხელ მოხსენიებულ ხადის თემში დღემდე შემონახულია არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლების განსაცვიფრებელი სიმრავლე (8 კმ-იან ხეობაში 200-მდე ძეგლია აღნუსხული); ეს მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობა წინაქრისტიანული ხანიდან მთელი შუა საუკუნეების მანძილზე მიმდინარე აქტიური ცხოვრების კვალს აცოცხლებს, რაც ხეობის სტრატეგიული მდებარეობითაც იყო განპირობებული. ხადაში დღესაც ცხოვრობს მკვიდრი მოსახლეობა, რომელსაც საავტომობილო მაგისტრალის გატარებით და მისი თანმდევი შედეგებით (პერმანენტული ხმაური, გამონაბოლქვი, ვიბრაცია, გვირაბებიდან გამონაზიდი მილიონობით კუბ.მეტრის მოცულობის ინერტული ქანების ხეობაში განთავსება და ა.შ.) გაუუარესდება საცხოვრებელი გარემო. ქვეყანა შეუქცევადად დაკარგავს ხადის ხეობის უნიკალური კულტურული, გეოგრაფიული, შემეცნებითი, თუ ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და გამოყენების მნიშვნელოვან პერსპექტივებს.