სეიდაბადის საკითხი

საკუთრივ თბილისის, იგივე სეიდაბადის ქალაქგეგმარებითი ქსოვილის ბევრი ფრაგმენტი ქუჩების   შუასაუკუნეებრივი წარმომავლობის ქსელს მოიცავს.  სეიდაბადი, გარდა გოგირდოვანი აბანოებისა, მდიდარია საცხოვრებელი სახლების ტიპოლოგიური მრავალფეროვნებით და საცხოვრებლის არაერთი მაღალმხატვრული ნიმუშით,  რომ არაფერი ვთქვათ მის უდიდეს ისტორიულ მნიშვნელობაზე.

ვახტანგ გორგასლის (დღევანდელი იბრაჰიმ ისფაჰანლის) IV შესახვევის მიმდებარე, სეიდაბადის დამრეც რელიეფზე განლაგებული  განაშენიანება საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ამას მოწმობს აღნიშნულ უბანში გადარჩენილი ძველი კედლების ფრაგმენტები, XIX საუკუნის სხვადასხვა მონაკვეთით დათარიღებული, თბილისური სპეციფიკით გამორჩეული საცხოვრებელი სახლები.

აზერბაიჯანის საელჩოს მშენებლობას თბილისური არქიტექტურის, ტიპოლოგიური და მხატვრულ-არქიტექტურული თვალსაზრისით გამორჩეული არაერთი საცხოვრებელი სახლი ემსხვერპლა. საელჩოს მიმდებარე, მის ჩრდილოეთით მდებარე განაშენიანება სიძველით გამოირჩევა და ფასდაუდებელია ურბანულ-არქიტექტურული თვალსაზრისით. განაშენიანება სეიდაბადის (საკუთრივ თბილისის) ქუჩათა ქსელისაგან განუყოფელია.  ხასიათდება საცხოვრებელი სახლების თბილისურ რელიეფთან ჰარმონიული შეთავსებით და მოიცავს ისლამური და ევროპული არქიტექტურული ფორმებით და თბილისური სპეციპიკით გამორჩეულ საცხოვრებელ შენობებს, რაც თბილისის განუმეორებელი მხატვრულ-არქიტექტურული სახის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამავე უბანში მდებარეობს ოდესღაც დავით თამამშევის კუთვნილი, ძველი სამშენებლო ფენების მომცველი,  1830-იან წლებში აშენებული აბანო, რომელსაც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ იბრაჰიმ ისფახანლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის“ მშენებლობა. ცენტრი „გულისხმობს 5 380 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაბარიტული ნაგებობის მოწყობას“, რაც სრულებით შთანთქავს სეიდასბადის უნიკალურ განაშენიანებას.

მოვითხოვთ, რომ შედგეს განაშენიანების არქიტექტურული თვალსაზრისით კვლევა, შედგეს ხელახალი ინვენტარიზაცია, მოხდეს ამ კონკრეტული ურბანული მონაკვეთის შემადგენელი ნაგებობების შეფასება მხატვრულ-არქიტექტურული თვალსაზრისით და დაისახოს გეგმები მის გადასარჩენად.

შედგეს სპეციალისტების გაფართოვებული სხდომა, რომელზეც განიხილება  სეიდაბადის ურბანული ქსელისა და ქსოვილის  დაცვის საკითხი რომ თბილისს კიდევ ერთხელ გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს.

 

მაია მანია
არქიტექტორის ისტორიკოსი