18 აპრილი - ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღე

ICOMOS საქართველო გიწვევთ 18 აპრილის - ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.


2026 წლის 18 აპრილის თემა ცოცხალი მემკვიდრეობაა. ეს დღე მიეძღვნება რთული და დაჩქარებული კატასტროფებისა და კონფლიქტების გამო რისკის ქვეშ მყოფი ცოცხალი მემკვიდრეობის დაცვისათვის გადადგმული ნაბიჯების მხარდაჭერას.


ამ დღის აღსანიშნავად ICOMOS საქართველო მასპინძლობს გამოფენას “დიდი ლიახვის ხეობის ტრადიციები - სოფელი კეხვი”, რომელიც წარმოაჩენს ოკუპირებული ტერიტორიების არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას. 


გამოფენასთან ერთად, მოეწყობა დევნილთა თემთან მუშაობის ფარგლებში მომზადებული ვიდეო ჩანახატების ჩვენება.


გამოფენა და ვიდეო ჩანახატები ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის ურთიერთთანამშრომლობის შედეგია და მიზნად ისახავს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, კერძოდ, დიდი ლიახვის ხეობის სოფელ კეხვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევის შედეგების წარდგენას. 


გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტო და ტექსტუალური მასალა დამთვალიერებელს მისცემს საშუალებას გაეცნოს სოფელ კეხვის მდიდარ მემკვიდრეობას,  მის წარსულს, დღევანდელ რეალობას და მოისმინოს კეხველების სიტყვებით მოთხრობილი ისტორიები სოფლის ცხოვრებისა და ტრადიციების შესახებ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე და მის შემდგომ. 


გამოფენა მოძრავია, მისი ნახვა შესაძლებელი იყო გორში, შაუმიანისა და კოდის დევნილთა დასახლებებში.


გამოფენა გაიმართება 18 აპრილს, 16:00 საათზე, მემკვიდრეობის რესურსების ცენტრში, მისამართი: მეფე სოლომონ ბრძენის ქუჩა, #33, თბილისი. 


კონტაქტი: 597555691